არჩილ თალაკვაძე - ოკუპაციასთან ბრძოლას გულზე მჯიღის ცემისა და აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმის ნაცვლად, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა სჭირდება
როდესაც ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენს პოლიტიკაზე ვინმეს აქვს შენიშვნები, იმ პოლიტიკოსებმა ჯერ საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, თვითონ როგორ უზრუნველყვეს ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის დაცვა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპონენტთა განცხადებებს.
ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი არათანმიმდევრულ ანტისაოკუპაციო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უპასუხა.
„შემთხვევით, ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც აცხადებდა, რომ ადამიანის უფლებათა ერთგულები იყვნენ და ამავდროულად, ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც ამბობდა, რომ დასავლურ ორიენტაციას უჭერდა მხარს და დასავლეთის ყველა ღირებულება ფეხქვეშ გათელეს. ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც რეზოლუციებს აწერდნენ ხელს, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ისეთ საკითხებში, რომელზეც ამ ქვეყნის არც ერთი მოქალაქე ხელს არ მოაწერდა. ეს ხალხი თუ გვეუბნება, რომ არათანმიმდევრულები ხართო, გასაგებია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ 2012 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობაა.
მისივე თქმით, ოკუპაცია ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის ათ ძირითად გამოწვევაშიც აისახა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, ამავდროულად თავისი მიმართულებები აქვს მთავრობასაც, სადაც კონკრეტული პროექტების გაგრძელებას გეგმავს – იქნება ეს სარწყავი სისტემები, სოციალური ინფრასტრუქტურა, მეწარმეობის დაფინანსება. ჩვენ კი ვაპირებთ ცვლილებების შეტანას, რომლითაც საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლები მიიღებენ დამატებით ბენეფიტებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როდესაც ასი ათასობით მოქალაქის უსაფრთხოებაზე და მშვიდობაზე ხარ პასუხისმგებელი, არ გაქვს ისეთი ნაბიჯების გადადგმის უფლება, რისკენაც მმართველ გუნდს ოპონენტები მოუწოდებენ. მისივე შეფასებით, ოკუპაციასთან ბრძოლას გულზე მჯიღის ცემისა და აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმის ნაცვლად, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა სჭირდება.
„როცა ტერიტორიების 20 პროცენტი წართმეული გაქვს, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში შენი მოქალაქეები იტანჯებიან, ჯანდაცვა და ელემენტარული საარსებო პირობები არ აქვთ, რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ჩვენი შექმნილი, ეს შექმნა იმ მოცემულობამ, რომელ რეგიონშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამ რეალობას თვალის გასწორება უნდა, ამ გეოგრაფიას ვერ გავაქრობთ და ამ გეოპოლიტიკას სჭირდება პრაგმატული მიდგომა. გულზე მჯიღის ცემა და აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი კი არ სჭირდება, ამას სჭირდება პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა. ოპონენტები ვერ განახორციელებენ ჩვენს მაგივრად საგარეო და ანტი საოკუპაციო პოლიტიკას. სანამ ხელისუფლებაში ვართ, ამას ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.