არჩილ თალაკვაძე - ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადებას ზვიად კვაჭანტირაძისგან მეტი განმარტება სჭირდება
ასეთ დროს, როდესაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, გუნდის დატოვების შესახებ განცხადებას ზვიად კვაჭანტირაძისგან მეტი განმარტება სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ზვიად კვაჭანტირაძესთან ამ საკითხზე საუბარი შედგება.
„ის ამ მომენტისთვის იმყოფება ოფიციალურ ვიზიტში უმრავლესობის სახელით. ის არის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე. ბაქოში არის დელეგაციაში. შესაბამისად, მისი მხრიდან ასეთი განცხადების, ასე ვთქვათ, ატვირთვა უმრავლესობის ოფისისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროებს მისი მხრიდან უფრო მეტ განმარტებას და საუბარს გუნდთან. იმედი მაქვს, ეს საუბარი შედგება. ვფიქრობ, ამ დროს, როდესაც ვიზიტით იმყოფება ასეთი რამის დაწერა მისი მხრიდან საჭიროებს მეტ განმარტებას. მე, როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ადრეც არაერთხელ გამოვთქვი მზადყოფნა ამაზე და ბატონ ზვიადთანაც მზად ვარ საუბრისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია დატოვა. როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება გარკვეულწილად პროტესტია სიტუაციისა, რომელიც დღეს პარლამენტშია. ზვიად კვაჭანტირაძე აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ ვიზიტს მართავს.