არჩილ თალაკვაძე - ნურავინ ელოდება, რომ „ქართული ოცნება“ წულუკიანის მიმართ ისეთ განცხადებებს გააკეთებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუხარდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრაქტიკულად დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი კაბინეტის ახალ შემადგენლობას დაასახელებს.
„თეა წულუკიანთან დაკავშირებით ჩვენს თანაგუნდელებს კითხვა არაერთხელ დაუსვეს და მინდა, მკაფიო განცხადება გავაკეთო. თეა წულუკიანი ჩვენი თანაგუნდელი, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია. ნურავინ ელოდება, რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი მის მიმართ ისეთ განცხადებებს გააკეთებს, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რომელიმე ვიწროპარტიულ დაჯგუფებას გაუხარდებათ, რომელთაც მასთან პირადი ანგარიში აქვთ და სურთ, ეს ანგარიში დღეს როგორმე გაათანაბრონ. ეს ვერ მოხდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.