არჩილ თალაკვაძე - ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით და ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი
არჩილ თალაკვაძე - ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით და ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი

ძალიან სახიფათოა კამპანია, რომელიც წამოიწყეს საზოგადოების გარკვეულმა წევრებმა და ჯგუფმა, ვინც ამ პროტესტს აორგანიზებს. ყველას აქვს პროტესტისა და აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა ამ შემთხვევაში ეს შეიძლება, იყოს ძალიან სახიფათო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„განსაკუთრებით მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც ვითარდება ამ შემთხვევის გარშემო და კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს, ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით და ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი. ფაქტობრივად, ამით ჩვენ ვუგზავნით მესიჯს სხვა ბავშვებსაც, რომ მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ საზოგადოებაზე, თავის სკოლაზე და თავის ცხოვრებასთან მიმართებით. ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს, ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი, ვეუბნებით, რომ ამ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, ოპტიმიზმის ადგილი არ არის და მათი ადგილიც არ არის. ეს არის არასწორი გზავნილი ცალსახად და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქოფიქეთის“ (Copycat) ფენომენი და ვერტერის სინდრომი მოიშველია და აღნიშნა, რომ ხშირად სუიციდის პოპულარიზაცია და ქმედების გამეორება ხდება.

„ფსიქოლოგიაში არსებობს „ქოფიქეთის“ (Copycat) ფენომენიც. ეს არის ვერტერის სინდრომი, როდესაც სუიციდის ფაქტების ამ ტიპის პოპულარიზაციით, სამწუხაროდ, სხვა მოზარდებიც და სხვა ადამიანებიც იმეორებენ ქცევას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ ძალიან სახიფათოა ეს კამპანია, რომელიც წამოიწყეს საზოგადოების გარკვეულმა წევრებმა და ჯგუფმა, ვინც ამ პროტესტს აორგანიზებს. რა თქმა უნდა, ყველას აქვს პროტესტისა და აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა ამ შემთხვევაში ეს შეიძლება, იყოს ძალიან სახიფათო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ბავშვებისთვის მეტი პოზიტივის ჩვენებაა საჭირო.

„გთხოვთ, გავაკეთოთ პირიქით, გავაკეთოთ მეტი იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, ბავშვებმა დადებით გარემოში იცხოვრონ. მივცეთ მათ მეტი ოპტიმიზმი, მივცეთ სწორი შეფასებები და ვუთხრათ, როგორია უკეთესი სამყარო, როგორია უკეთესი სკოლა, როგორია უკეთესი საზოგადოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა და ყველას შვილებმა ამ ქვეყანაში, ბავშვებმა იცხოვრონ უფრო ბედნიერ, უფრო პოზიტიურ გარემოში და ყოველ დილით ხალისით წავიდნენ სკოლაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.