არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიას ვურჩევდი, გირაო გადაიხადოს, როდესაც ხედავ, შენი საკითხი ხელს უშლის ძირითად შეთანხმებას, როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ხარ, ეს ნაბიჯი გადადგა
ნიკა მელიას ვურჩევდი, გირაო გადაიხადოს, როდესაც ხედავ, შენი საკითხი ხელს უშლის ძირითად შეთანხმებას, როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ხარ, ეს ნაბიჯი გადადგა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ერთ მხარეს გირაოს საკითხია და მეორე მხარეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება, მისთვის პრიორიტეტი გირაოს გადახდა იქნებოდა.
„თქვენ იცით, რომ ამაზე იყო ბევრი საჯარო დისკუსია. პრინციპში, ბევრი განხილვაც არ სჭირდება ამას. ნიკა მელიას მხარეს ხვალვე შეუძლია გადაიხადოს გირაოს თანხა და ის დატოვებს საპატიმროს. ძირითადი სასამართლო პროცესი წინ არის. ამიტომ წინასწარ ვერც თქვენ და ვერც მე ვერ ვიტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე ვურჩევდი, რომ მან უნდა გადაიხადოს ეს გირაო, რადგან ელემენტარულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკაა, თუ შენ ხედავ, რომ შენი საკითხი ხელს უშლის ძირითად შეთანხმებას, რაც მთელ ქვეყანას სჭირდება, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსი ვალდებული ხარ, გადადგა ეს ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რა გაქვს ადრე ნათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ პოლიტიკოსებს თუ აღვიქვამთ როგორც ადამიანებს, რომლებმაც უნდა გადაჭრან სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები, ამ დროს როდესაც დგას შენი გირაოს საკითხი და მეორე მხარეს დგას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, ჩემთვის პირადად აქ არჩევანი არ არსებობს, გირაოს გადახდა იქნებოდა პრიორიტეტი. თუმცა ეს არის მისი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი და მე იმედი მაქვს, რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.