არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიას დანაშაულისთვის მართლმსაჯულება ისევე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეებს, ვერც ერთი პოლიტიკოსი გამონაკლისი ვერ იქნება
მას, ერთ შემთხვევაში, ჰგონია, რომ საზოგადოებას მოატყუებს თუ მისი მხარდამჭერები აპირებენ რომ გვერდიდან გადაუხადონ გირაო, ან მეორე შემთხვევაში, პოლიტიკურ ჰალუციანაციასთან გვაქვს საქმე, თუ მას ჰგონია, რომ კანონში ნიკა მელია ცალკე არის ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას განსაკუთრებულად და დისკრიმანიცულად მიუდგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მართლმსაჯულება მის მიმართ ისეთივე სამართლიანი იქნება, როგორც ყველა სხვა მოქალაქის შემთხვევაშია.
„ამ შემთხვევაში, მართლმსაჯულება მის მიმართ ისეთი სამართლიანი იქნება, როგორც ეს არის სხვა ყველა მოქალაქის შემთხვევაში. საქართველოს კანონმდებლობაში ნიკა მელია ცალკე არ არის ჩაწერილი, შესაბამისად, მართლმასუჯლება მასაც ისევე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეებს. თუ სხვა მოქალაქეებს ხელზე აქვთ საკონტროლო სამაჯური, იხდიან გირაოს ან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ამ შემეთხვევაში, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება გამონაკლისი, მათ შორის, ვერც ნიკა მელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.
მისივე თქმით, გირაოს გადასახდელად აუცილებელია სპეციალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში. ნიკა მელიას განმარტებით, პროკურატურას კოდის მიღების მოთხოვნით არ მიმართა და შესაბამისად, აღნიშნული კოდი არც მას და არც ადვოკატს არ აქვს, ამიტომ სურვილის შემთხვევაშიც, თანხის გადახდას ვერ შეძლებს.
ამავდროულად, ნიკა მელიას თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც „თითქოს მის სასარგებლოდ შეიტანს თანხას, იქნება მისი მტერი, არაკეთილმოსურნე, მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო კავშირში“.
გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ეწურება.