არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელია თავად ირჩევს, პოლიტიკურ პროცესს პატიმრობაში გაჰყვეს, თუ გარეთ ყოფნის პირობებში
ნიკა მელიასთან მიმართებით ცალკე კანონები არ არის, მას მართლმსაჯულება მოეპყრობა ისე, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ნიკა მელიამ თავად უნდა აირჩიოს, პოლიტიკურ პროცესს პატიმრობაში გაჰყვება თუ გარეთ.
„პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და თუ პროკურატურა პარლამენტს მიმართავს მოთხოვნით, პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ნიკა მელია კანონმდებლობაში ცალკე ჩაწერილი არ არის და არც ცალკე კანონებია მასთან მიმართებით მიღებული. მართლმსაჯულება მას ეპყრობა და მოეპყრობა ისე, როგორც სხვა ნებისმიერ მოქალაქეს. ნიკა მელიას საკუთარ ხელში აქვს არჩევანი – სურს, რომ პოლიტიკურ პროცესს გაჰყვეს პატიმრობაში, თუ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა მიიღოს გარეთ ყოფნის პირობებში. ეს არის 100 პროცენტით მისი გადაწყვეტილება და თავი დაანებონ გადმობრალებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განცხადებებს, რომ თითქოს ვინმე აპირებს ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას, არავინ დაიჯერებს. თალაკვაძის თქმით, ნიკა მელია და მისი მხარდამჭერი მედიასაშუალებები კამპანიას აგორებენ და საზოგადოებას წინასწარ ამზადებენ იმისთვის, რის გაკეთებასაც თავად აპირებენ.
„ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა პატივი უნდა ვცეთ კანონს, არჩევნების შედეგებს, იმ სტანდარტებსა და ნორმებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სურს, რომ იყოს დღის წესრიგის განმსაზღვრელი. ვინმეს სერიოზულად სჯერა იმის, რომ ნიკა მელიას შეიძლება ხალხმა შეუგროვოს ფული და გირაო ჩუმად შეიტანოს? ეს ხომ აბსურდია. მათ ადვოკატებს აქვთ ეს მონაცემები. ნიკა მელია, მისი მეგობრები და მხარდამჭერი მედიასაშუალებები კამპანიას აგორებენ. როგორც ჩანს, ეს არის გირაოს გადახდის წინა სამზადისი, ისინი თავისი გაგებით, საზოგადოებას ამზადებენ, რათა წინასწარ თქვან ის, რისი გაკეთებაც უნდათ. ვინმეს ამის სჯერა? ეს არის პოლიტიკური ჰალუცინაცია. ეს არის ის შემთხვევა, როცა ნიკა მელია თავად იღებს გადაწყვეტილებას, ირჩევს პატიმრობას თუ იხდის გირაოს. მას საქმე აქვს მართლმსაჯულების სისტემასთან და არა რომელიმე პარტიასა და ადამიანებთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.