არჩილ თალაკვაძე - ნიკა გვარამია იყო და რჩება პოლიტიკაში, ოღონდ ახლა უფრო ცუდ პოზიციაშია, ვიდრე წინა პერიოდში იყო
ნიკა გვარამია იყო და რჩება პოლიტიკაში, ოღონდ ახლა უფრო ცუდ პოზიციაშია, ვიდრე წინა პერიოდში იყო, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა პოლიტიკური თამაში წამოიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ნიკა გვარამიამ, რომელიც ახალ პოლიტიკურ მოთამაშედ უკვე დეკლარირებული პოლიტიკური განაცხადით შემოდის, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი მისი ერთგვარი კონკურენტია და მის შესაძლო მოკავშირეებად მოიაზრებიან ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი-ჯაფარიძე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს ისევ ტოვებენ ადამიანები და ნაწილი, ვინც მელიას არ გაჰყვა, ახლა საკუთარ ადგილს ნიკა გვარამიას პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ეძებს.
„მას აქვს აბსოლუტურად ნეგატიური რეიტინგი საზოგადოებაში. პრინციპში, მან საზოგადოებისთვის თავის გაცნობა კიდევ ერთხელ შეძლო ოპოზიციაში ყოფნის დროს, რომ ის არის ანტისაზოგადოებრივი, დესტრუქციული, ანტიეროვნული პოლიტიკის მომხრე და რასაც აკეთებდა და ამბობდა, რამდენიმე მაგალითი რომ გავიხსენოთ, მივხვდებით, რომ ის კი არ შემოდის პოლიტიკაში, უბრალოდ, პოლიტიკური პარტიების კარდაკარ დადის და ცდილობს, ვინმე მოატყუოს, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიის ოფისში შეუშვან. რეალურად, არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, უფრო ნაკლებ პარტიას ექნება იმის სურვილი, რომ ნიკა გვარამია და მისი ბანაკის წარმომადგენლები თავის პარტიაში შეიყვანოს. საკმარისია, ეს ადამიანი რომელიმე პარტიასთან გაიგივდეს და იმ პარტიას, რა თქმა უნდა, მყისიერად მოაკლდება საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას არავითარი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს.
„ის თავს მოიაზრებს კონსულტანტად, მრჩევლად და იდეოლოგად, ოღონდ რომელ დარგშია კონსულტანტი და იდეოლოგი, ეს ავიწყდება, თუმცა ეს ახსოვთ იმ პარტიებს, ვისაც ახლა კარდაკარ უკაკუნებს და სთხოვს, თქვენთან მოვალ, იმასთან მივალ თუ ვისთან გავერთიანდეო. მას არანაირი პოლიტიკური რესურსი არ აქვს რეალურად და ახლა ექსპერიმენტების პროცესში არიან, რომ იქნებ ამ სუბიექტების შეერთებით რაღაც ქიმია ჩამოყალიბდეს და იქნებ რაღაც გამოვიდეს, მაგრამ ლოგიკა, ისტორია და კანონზომიერება არის მათი სურვილების საპირისპირო მხარეს. მე რომ მკითხოთ, ის საერთოდ პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს, უნდა გაეცალოს. მე მგონი, უკეთესი იქნებოდა, იქ, სადაც ბევრი კრახი განიცადა, ტაიმაუტი აიღოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.