რაც 2020 წლის არჩევნებს მეტ ნდობას მოუტანს, იქნება მისაღები ოპოზიციისთვის და იქნება მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვისაც, ამის რესურსი არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს ხელისუფლება მზად არის მოისმინოს ოპოზიციის წინადადებები.
„დღეს საერთაშორისო პარტნიორების, ელჩების მონაწილეობით იმართება პოლიტიკური დიალოგის მეორე შეხვედრა. ვფიქრობ, შეხვედრა ყოველთვის საჭიროა, კარგია, რომ თემა შეიცვალა და ნელ-ნელა ვბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. დღეს უკვე გვექნება განხილვა არსებული შერეული მოდელის ფარგლებში რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ. რაც მოუტანს 2020 წლის არჩევნებს მეტ ნდობას იქნება მისაღები ოპოზიციისთვის და იქნება მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვისაც, ამის რესურსი არსებობს. დღევანდელი მოცემულობით შერეულ მოდელში ნახევარი საპარლამენტო მანდატების დაკომპლექტდება პროპორციული წესით, ხოლო მეორე ნახევარი მაჟორიტარული წესით, სწორედ მეორე ნახევართან დაკავშირებით გვექნება განხილვა და რომ იცოდეთ დაწყებული იყო სამუშაო ისედაც საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. დღეს მზად ვართ, მოვისმინოთ ოპოზიციის წინადადებები. ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტები და ავიღებთ დროს, თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები, რომ ამაზეც მოვემზადოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დიალოგი, რა თქმა უნდა ამისთვის არის კარგი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მივესალმები საუბარს ჩვენ პარტიას და ოპოზიციას შორის, ეს ფორმატი სადაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია არიან წარმოდგენილი არის ოპტიმალური ფორმატი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, არ გამორიცხავს, შემდეგი შეხვედრების ფარგლებში გარკვეული შეთანხმების მიღწევა მოხდეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომ იყო, დავბრუნებულიყავით ისეთ საკითხებზე მსჯელობასთან, რაც თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან. როგოც იცით, მთელი პირველი შეხვედრა დავუთმეთ ამას, რომ აგვეხსნა ოპოზიციისთვის, თუ რა არის შესაბამისობაში და რა საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დღეს უკვე ვუბრუნდებით იმ საკითხებს. როგორც ჩანს, განხილვა შესაძლებელია. მე ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯია და არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი შეხვედრების ფარგლებში ჩვენ შევძლოთ არსებული სისტემის ფარგლებში გარკვეული შეთანხმების მიღწევა. ამისთვის ხელისუფლებას და ჩვენ საპარლამენტო გუნდს თავიდანვე გვქონდა მზადყოფნა. გახსოვთ, რომ ეს პროცესი დაწყებული იყო როცა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში ჩვენ ოპოზიციასთან ერთად ვმუშაობდით. მზად ვართ გავაგრძელოთ, თუ იქნება კონსტრუქციული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის არსებული სისტემის შიგნით შეთანხმების მიღწევა. ეს სისტემა მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებში, არსებობს სრულად მაჟორიტარული მოდელებიც, ბრიტანული და ამერიკული მოდელები და ასევე არსებობს სრულად პროპორციული სისტემაც ევროპაში. თვითონ მოდელი არ შეიძლება მიუღებლად ჩაითვალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას შემოაქვს მხოლოდ მაჟორიტარული ან სრულად პროპორციული მექანიზმი. აქ საუბარია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა მიაღწიოს შეთანხმებას და საზოგადოებისთვის მოდელი რომლითაც არჩევნებს ჩავატარებთ იყოს მისაღები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.