არჩილ თალაკვაძე - „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორებს მოვუწოდებ, მიიღონ მონაწილეობა დიალოგის ფორმატებში, შედგეს საგნობრივი დისკუსია, თითოეული საკითხის განხილვის მზადყოფნა არსებობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია ენერგოდამოუკიდებლობის, ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდა.
მისივე თქმით, განახლებადი ენერგიის მოხმარების ნებისმიერი თანამედროვე პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაძლიერებას ემსახურება.
არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა მთავარ მოთხოვნაზე პრემიერმა სამართლიანი პასუხები გასცა. არჩილ თალაკვაძე პროტესტის ორგანიზატორებს მოუწოდებს, მიიღონ მონაწილეობა დიალოგის ფორმატებში და გაიმართოს საგნობრივი დისკუსია.
„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ყველა მთავარ მოთხოვნაზე, რაც ჰქონდათ პროტესტის ორგანიზატორებს, პრემიერმა შემხვედრი წინადადებები და სამართლიანი პასუხები გასცა, მოხდება გარემოს შეფასების საკითხის კიდევ ერთხელ გადამოწმება სიღრმისეულად, პროფესიონალების მიერ. მოხდება დამოუკიდებელი ექსპერტების, დამოუკიდებელი ორგანიზაციების მხრიდან ხელშეკრულების შეფასება და მისი კიდევ ერთხელ შესწავლა. როგორც მოგეხსენებათ, პრემიერმა ასევე გაახმოვანა გადაწყვეტილება, რომ კაშხლის მშენებლობის პროცესი არ დაიწყება და გადავადდება, ვიდრე ამ საკითხებზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია არ ექნება.
შესაბამისად, ყველა საკითხზე პრემიერმა გასცა პასუხები და დღეს ჩვენი კითხვა არის, როდესაც პასუხები არსებობს, რას ემსახურება ეს პროტესტი? ხომ არ არის მიმართული პროექტის წინააღმდეგ, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ვინაიდან ამ ტიპის პროექტების გაჩერება და დაბლოკვა შედის ერთადერთი ჩვენი მტრების ინტერესებში.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროტესტის ორგანიზატორებს, მიიღონ მონაწილეობა დიალოგის ფორმატებში, საგნობრივი დისკუსია შედგეს. არსებობს მზადყოფნა, თითოეული საკითხი იყოს განხილული. იმედი მაქვს, ასეც მოხდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.