არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება, ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა ეს პარტია, რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება, ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა ეს პარტია, რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა

ვერ ვიხსენებ პოლიტიკის ისტორიაში ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ოპოზიციურ პარტიას მხარი არ დაეჭირა იმისთვის, რაზეც ამბობს, რომ მხარს უჭერს, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება საზოგადოებაში.

„მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ოპოზიციის საერთო პოლიტიკურ ლიდერად გამოაცხადეს ბატონი გიორგი რურუა. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს ორი პოლიტიკური პარტია ამაშიც ატყუებს საზოგადოებას, როდესაც ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმების გამო ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. რატომ ატყუებს საზოგადოებას, მე ვეცდები, ძალიან მოკლედ აგიხსნათ – ისინი ამბობენ, რომ სურთ ხელისუფლების შეცვლა, რადგან თითქოს ჩვენი ხელისუფლების პირობებში მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი. ცვლილებების მიღწევის ერთადერთი გზა არის არჩევნები. მათივე განმარტებით, არჩევნები რომ იყოს უფრო მეტად სამართლიანი და კონკურენტული, საჭიროა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემის მიღება. სისტემას, რომელსაც დღეს ვუყარეთ კენჭი, მათ მხარი არ დაუჭირეს, რაც მთლიანად ანგრევს ლოგიკას და აჩვენებს საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ნარატივი პრაქტიკულად არის სიმულაცია და თვალთმაქცობა. მე ვერ ვიხსენებ პოლიტიკის ისტორიაში ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, ამ შემთხვევაში შეძლო, რომ მხარი არ დაეჭირა იმისთვის, რაზეც ამბობს, რომ მხარს უჭერს.  ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს რომელიც საჭიროა, რომელიც კარგია, მაგრამ ასევე დღეს გამოჩნდა, რომ მათ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა და მხარი არ დაუჭირეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება, ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ამ კითხვაზე პასუხი საზოგადოებისთვის მიგვინდია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.