არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგულაციების დარღვევით შეკრიბა ადამიანები, ამ დროს რესურსები შეზღუდულია, ეს არის განსხვავება ცხელთავიან ლიდერებსა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების წესების დარღვევით შეკრიბა ადამიანები, ამ დროს რესურსები შეზღუდულია, ეს არის განსხვავება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელთავიან ლიდერებსა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს შორის, ვინც პატივს ვცემთ სხვა მოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ამასთან, კითხვაზე არის თუ არა მიზანშეწონილი მსგავსი შეზღუდვების დაწესება, როდესაც ქვეყანა საარჩევნო პერიოდშია, თალაკვაძე აცხადებს, რომ „საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობას ადგენს საკონსტიტუციო სასამართლო და არა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქუჩიდან ძალიან ხმამაღლა უყვირის საზოგადოებას და აკეთებს თვითონ დასკვნებს“.
„თუ მათ იურისტებს ან აქტივისტებს მიაჩნიათ რომელიმე რეგულაცია არაკონსტიტუციურად, უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ის შეაფასებს ამ ყველაფერს. რაც შეეხება წესრიგს და ამ რეგულაციების მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებას, მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო იმ ადამიანებს, ვინც მანიფესტაციებში მონაწილეობენ, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევა მოხდა მაშინ, როდესაც აჭარაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეკრიბა ადამიანები პირბადეების გარეშე, მაშინ როცა შემდეგ აქციებზე მოხდა წესების დარღვევით შეკრებები. როდესაც ეპიდემიის პრევენციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს არღვევენ ეს ადამიანები, გახსოვდეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ ინტენსიური თერაპია, ექიმების ყურადღება და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უპასუხისმგებლო ლიდერები არღვევენ წესებს და თავის მხარდამჭერ მოქალაქეებსაც სწირავენ იმისთვის, რომ ინფექციის წინაშე ნაკლები დაცულობა ჰქონდეთ. გახსოვდეთ, რომ ამ დროს რესურსები შეზღუდულია და ის სჭირდებათ სხვა მოქალაქეებს, რომლებიც პატივს სცემდნენ ამ წესებს და ცდილობდნენ, თავისი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაეცვათ. ეს არის განსხვავება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელთავიან ლიდერებსა და დანარჩენს პოლიტიკურ სპექტრს შორის, ვინც პატივს ვცემთ სხვა მოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.