არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დანარჩენ ოპოზიციას უთხრა, თქვენი პარტიების ხედვები საინტერესო აღარ არის, ჩვენთან ერთ პლასტელინში უნდა იყოთ მოზელილიო
დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციური პარტიების მიმართ ჰქონდა ფარული გზავნილი – თქვენი სახელები და გვარები, პარტიების სათაურები და ხედვები საინტერესო აღარ არის, ჩვენთან ერთ პლასტელინში უნდა იყოთ მოზელილი და გერქვათ „ნაციონალური მოძრაობაო“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„დღეს, პრეზენტაციაზე მოვისმინეთ – ჩვენ ყველა ერთნი ვართ, უნდა გავერთიანდეთ და ისევ ერთად ვიყოთო. მთელი მათი გზავნილი ის იყო, ესენი უნდა შევაჩეროთ და დავასრულოთო. ვერ მოვისმინეთ ვერანაირი კონცეფცია და ვერანაირი მომავლის ხედვა. ერთადერთი მიზანი ის ჰქონდათ, როგორმე გავერთიანდეთო. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფარული გზავნილი, რომელიც პირდაპირ ემსახურება მთელი ოპოზიციური სპექტრის ისევ ერთად მოზელვას. ფაქტობრივად, დღეს, მათ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს უთხრეს, თქვენი სახელები და გვარები, თქვენი პარტიების სათაურები, ეკონომიკასთან, განათლებასთან თუ საპარლამენტო ცხოვრებასთან დაკავშირებით თქვენი ხედვები მნიშვნელოვანი და საინტერესო აღარ არის, ჩვენთან ერთ პლასტელინში უნდა იყოთ მოზელილი და გერქვათ „ნაციონალური მოძრაობაო“. დღეს ეს უთხრეს დანარჩენ ოპოზიციას, მაგრამ ასეთი შეთავაზებით რამდენი გაჰყვება, რამდენი დაეთანხმება და საკუთარ პოზიციებს რამდენი დაკარგავს, მაგასაც დავინახავთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, წარსულში, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააერთიანებდა, თავის სახელს დაარქმევდა და ოპოზიციურ ველზე მარტო იქნებოდა, მაგრამ დღეს ასე აღარ არის.
„ეს მოიტანა დემოკრატიულმა რეფორმებმა, ევროპის მხარდაჭერამ და აშშ-ის ჩართულობამ. ჩვენს ხალხს აქვს არჩევანი და აღარ არის ასე, რომ იქით მხარეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა დაბრუნდეს ნდობის პროცესი შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების მიმართ, როცა ოპოზიციის ნაწილი ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და თითქოს დამშვიდებული პოლიტიკური პროცესი ისევ გამწვავდა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მომზადებულ დოკუმენტს შეთანხმება უნდა უზრუნველეყო და ამას ხელი მოაწერა ყველამ, ვისაც შეთანხმება და ნორმალური სამუშაო გარემო სურდა, მაგრამ ხელი არ მოაწერა რადიკალური ბანაკიდან რამდენიმე პარტიამ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ არიან გაერთიანებული, რითაც დააფიქსირეს, რომ მათ პოლიტიკური მშვიდობა არ სურთ.
„პოლიტიკური მშვიდობა თუ არ სურთ, ესე იგი, ეს პროცესი უკვე ჩაშლილია და გასულია ყველა ვერტიკალში, რომელიც მათ ხელშია. ეს არის მათ მიერ მართული ტელევიზიები, თუ მათ ტელევიზიები ჰქვია. ისინი რეალურად, პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტები არიან და მშვიდობა არ სურთ; იგივე გზავნილი აქვთ მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებსაც და მშვიდობა არ სურთ. შესაბამისად, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ამ რადიკალური ბანაკის ხელშია, მუშაობს იმაზე, რომ პოლიტიკური მშვიდობა არ შედგეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევა, რამაც პოლიტიკური ველის მრავალფეროვნება მოგვიტანა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა თუ არ უნდა, მათ დღეს პოლიტიკური მონოპოლია დაკარგეს პარლამენტში. პარლამენტში უკვე ცხრა პოლიტიკურ სუბიექტზე მეტია წარმოდგენილი და ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მონოპოლისტი. ეს უნდა დავიცვათ, მთელმა საზოგადოებამ, რომ ხალხს არჩევანი ჰქონდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ თბილისის მერობაზე ჰყავს ძალიან პროგრესული კანდიდატი, რომელსაც წარმატებული საქმიანი გამოცდილება, პროექტები და ძლიერი გუნდის მხარდაჭერა მოჰყვება.
„კახა კალაძეს აქვს მომავლის ხედვა და ის არის პროგრესული პოლიტიკური ლიდერი. ის ყოველთვის მომავალზე ფიქრობს და რაც მთავარია, ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერისგან განსხვავებით, ის საზოგადოების გამაერთიანებელი ლიდერი გახლავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეკითხვაზე, როდის იგეგმება სხვა ქალაქების მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა, თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს დღეებში წარადგენს.