არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პარტიის უკანონო დაფინანსებასთან, არალეგალურ ფულთან დაკავშირებით, რაც შეიცავს კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს
კიდევ ერთხელ დასტურდება, რასაც ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, სავარაუდოდ, ფინანსდებოდა უკანონო ფულით, რასაც ეს პარტია იყენებდა იმ დესტრუქციული მიზნების მისაღწევად, რომელიც საქართველოს, ჩვენი საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ჰქონდათ და დღესაც აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, ცალსახაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ღრმა კრიზისი და რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს პარტიის დაშლას და დაპირისპირების გაღრმავებას.
„ეს არ არის პირველი განცხადება და ფაქტი, როდესაც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პარტიის უკანონო დაფინანსებასთან, არალეგალურ ფულთან დაკავშირებით, რაც შეიცავს კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რასაც ამ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, სავარაუდოდ, ფინანსდებოდა უკანონო ფულით, რასაც ეს პარტია იყენებდა იმ დესტრუქციული მიზნების მისაღწევად, რომელიც საქართველოს, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გააჩნდათ და დღესაც გააჩნიათ.
რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე პროცესს, ცალსახაა, რომ არის ღრმა კრიზისი, პარტია იშლება და რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, რომელიც მათ უნდა ჩაატარონ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ამ პარტიის დაშლას და შიდა დაპირისპირების გარღმავებას, ვინაიდან მათ არ ჰყავთ მომავალზე ორიენტირებული ლიდერი, მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი. ერთადერთი, რაც ახლა მიმდინარეობს, არის სწორედ ამ ფინანსების, გავლენების და ტელევიზიებზე კონტროლის გადანაწილების პროცესი. მას შემდეგ, რაც დაიწყო დაპირისპირება, ხედავთ, რომ პარტია სულ უფრო მეტად ახდენს თავისი თავის ლუსტრაცის. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ეს არ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, არამედ ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქმედებდა თავისი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და ამავეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნის დროს. ამიტომ ეს არის კარგი შესაძლებლობა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, მცირე ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის დაიკავონ ის სივრცე, რომელსაც ზოგჯერ ძალით, ზოგჯერ ხელოვნურად იკავებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტია, რომ მან უკვე დაკარგა ეს ადგილი და ეს პარტია აღარ არის მთავარი ოპოზიციური პარტია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.