არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა აღიარეს, რომ მათი საარჩევნო სამზადისი, რეალურად, არის მზადება არეულობისა და რევოლუციისთვის
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა აღიარეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდს განიხილავენ, როგორც რევოლუციისთვის მოსამზადებელს. პირდაპირი განცხადება იყო, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც ზუსტად ამ ამოცანას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, პარლამენტზე თავდასხმა, ცესკო-ზე შეტევა, საზოგადოების აზრზე მანიპულირება არის მეთოდები, რომლებსაც ეს პოლიტიკური გაერთიანება იყენებს.
„„Ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გუშინ გააკეთეს პირდაპირი აღიარება, რომ ემზადებიან არა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის და წინასაარჩევნო პერიოდს განიხილავენ, როგორც რევოლუციისთვის მოსამზადებელს. პირდაპირი განცხადება, აღიარება იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას, ის ჩაერთოს წინარევოლუციურ პროცესში, როგორც სიტყვასიტყვით ითქვა საჯარო ეთერში. ამას ვამბობდით თვეების განმავლობაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა ერთიც“ და „ნაციონალური მოძრაობა მეორეც“, რომელიც ახლა ყალიბდება, ერთადერთი მიზნის გარშემო არიან გაერთიანებული, არჩევნებში დამარცხების შემდეგ როგორმე სცადონ ხელისუფლებაში დაბრუნება დესტაბილიზაციით, არეულობით, არჩევნების გვერდის ავლით. ბევრჯერ ჰქონიათ ამისი მცდელობა, მაგალითიც ბევრი იყო. პარლამენტზე თავდასხმა, ცესკო-ზე შეტევა, კოქტეილების სროლა და პოლიციელებზე თავდასხმა, მოქალაქეების, საზოგადოების აზრზე მანიპულირება, დეზინფორმაცია – ეს არის მეთოდები, რომლებსაც ეს პოლიტიკური გაერთიანება იყენებს. გუშინდელი განცხადება იყო პირდაპირი აღიარება, რომ მათი საარჩევნო სამზადისი, რეალურად, არის მზადება არეულობისა და რევოლუციისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“.