არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ უღირს წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს
„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ უღირს კამპანიას ატარებს, ეს არის ძალადობრივი კამპანია, თავდასხმები და შეურაცხყოფა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე სოციალური მედიით არის თავდასხმები და პიროვნული შეურაცხყოფები.
„არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ის უღირსი კამპანია, რომელსაც აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი საარჩევნო შტაბი თითქმის ქვეყნის მასშტაბით, არაერთ რეგიონში ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია: თავდასხმები, შეურაცხყოფა. ის, რასაც რეალურად საზოგადოებამ უთხრა უარი 2012 წელს და არც მომავალში არ აპირებს საქართველო, აირჩიოს შეურაცხყოფის და დაპირისპირების სტილი. ვხედავთ, რომ მედიით, ასევე სოციალური მედიით არის თავდასხმები და პიროვნული შეურაცხყოფა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და პირველი ტურის შემდეგ მათ აქტიურად დაიწყეს ზუსტად ამ მეთოდების გამოყენება. კიდევ ერთხელ საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ ექცევა „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულ აზრს და მათი ცრუ დაპირება, რომ ისინი შეიცვალნენ და მათ თითქოს ღირებულებები შეიცვალეს, რეალურად ჩანს, რომ არის სიცრუე”, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ მიმართა მხარდამჭერებს, „ქართული ოცნება“ მათ გვერდით დადგება.
“მინდა, მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა იმ წერტილში, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან, რომ თავისი ძველი ხელწერით გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. მიიღებთ ძალიან პრინციპულ პასუხებს იმ თავდასხმებზე და იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც თქვენს მიერ ამ დღეებში არის გამოვლენილი”, – განაცხადა თალაკვაძემ.