არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ჩიხშია შესული, თავის მხარდამჭერებს ვერ ეუბნება, რომ პარლამენტის წინ ამ ცარიელმა კარვებმა თავისი შინაარსი ამოწურა
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ჩიხშია შესული, თავის მხარდამჭერებს ვერ ეუბნება, რომ პარლამენტის წინ ამ ცარიელმა კარვებმა თავისი შინაარსი ამოწურა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პარტია წლების განმავლობაში თავის მხარდამჭერების მობილიზებას გარკვეული იდეის გარშემო ახდენდა და ახლა მათთვის სიმართლის თქმის ეშინია.
„მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ჩიხშია შესული, ერთი მხრივ, ისინი შევიდნენ პარლამენტში, მეორე მხრივ, არ აწერენ ხელს მთავარ დოკუმენტს, რომელსაც ეფუძნება ოპოზიციის შემოსვლა პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ჩიხშია, დაბნეულია, პოზიცია არ აქვს და თავის მხარდამჭერებს რომ ატყუებდა შვიდი თვის განმავლობაში, ამის ერთი მთავარი მაგალითი არის დღეს პარლამენტის წინ, სადაც დგას კარვები და აკრილზე დაბეჭდილი მიხეილ სააკაშვილის მემორიალი, რომ ის დაბრუნდება ან ვერ დაბრუნდება. ასეთი პოლიტიკური გაუგებრობა გახლავთ. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებს ვერ ეუბნება, რომ პარლამენტის წინ ამ ცარიელმა კარვებმა თავისი შინაარსი ამოწურა. იმიტომ ვერ ეუბნება, რომ წლების განმავლობაში ამ ხალხს ატყუებდა, გარკვეული მიზნის გარშემო მობილიზაციას აკეთებდა, დღეს რომ გაკოტრდა ეს მათი გეგმა და მათი მიზანი, ამის თქმის ეშინია თავისი მხარდამჭერებისთვის და ზუსტად ამიტომ ცარიელი კარვები და რამდენიმე ადამიანი რჩება პარლამენტის წინ.
„ნაციონალური მოძრაობა“ შვიდი თვის განმავლობაში ფიქრობდა, უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში პოლიტიკური პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში აირჩიეს. თავისთავად ეს შეკითხვა და ეს დილემა რომ გაუჩნდათ, ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ევროპის დროსთან შედარებით, 800 წლით უკან არის, რადგან ევროპაში ყველამ 800 წლის წინ გადაწყვიტა, რომ როდესაც პარლამენტში გირჩევენ, პარლამენტში უნდა შეხვიდე და მონაწილეობა მიიღო, მით უმეტეს როდესაც ხელოვნური კრიზისი ამოწურულია და ყველა ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ხელი მოაწერა შეთანხმებას და ჩაერთო საპარლამენტო პროცესში“, – განაცხადა თალაკვაძემ.