არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად არ აქვს ხელი მოწერილი შეთანხმებაზე და მოგვიწოდებს, დავრჩეთ შეთანხმების სულისკვეთებაში, ეს არის პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითი
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად არ აქვს ხელი მოწერილი შეთანხმებაზე და მოგვიწოდებს, დავრჩეთ შეთანხმების სულისკვეთებაში, ეს არის პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარადოქსით იწყებს პარლამენტში საქმიანობას, როდესაც მმართველ პარტიას მოუწოდებენ, დარჩნენ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებაში და ამ დროს, თავად არ აქვთ ხელი მოწერილი დოკუმენტისთვის.

„მსურს, გამოვეხმაურო განცხადებას, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგვიწოდა, რომ დავრჩეთ 19 აპრილის, მიშელის შეთანხმების სულისკვეთებაში, პარადოქსით იწყებენ საქმიანობას პარლამენტში, როდესაც თვითონ არ აქვთ ხელი მოწერილი შეთანხმებაზე და ჩვენ მოგვიწოდებენ, დავრჩეთ შეთანხმების სულისკვეთებაში. მგონი, ეს არის პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ჩვენ ვხედავდით შვიდი თვის განმავლობაში და ეს შვიდთვიანი საბოტაჟი ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ ასევე დეზორიენტირებული გადაწყვეტილებით დასრულდა, როდესაც თან გინდა, რომ იყო პარლამენტში, და თან არ გინდა, სრულფასოვნად ჩაერთო იმ დემოკრატიულ პროცესში, იმ შეთანხმებაში, რასაც ყველა პარტიამ ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას.

„მე კიდევ ერთხელ, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მოვუწოდებ კოლეგებს, რომლებიც უკვე არიან პარლამენტში, რომ მოაწერონ ხელი მიშელის შეთანხმებას, ვინაიდან მსჯელობა და რაიმე ტიპის ასეთი კომენტარების გასაკეთებლად მორალური უზრუნველყოფა თუ გჭირდებათ, ამისთვის საჭიროა მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ამნისტიის პროექტს, თალაკვაძე ოპოზიციონერ კოლეგებს შეახსენებს, რომ ეს პოლარიზაციის შემცირებისთვის იყო მოწოდებული.

„რაც შეეხება თავად ამნისტიის პროექტს, ნუ დაგავიწყდებათ, ამნისტიის პროექტი იმისთვის შეიტანა ევროკავშირმა და ევროკავშირის მედიატორმა ამ დოკუმენტში, რომ სწორედ თქვენთვის იყო ამ მოვლენების ფარგლებში აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ამ პოლარიზაციის შემცირებისთვის იყო ეს მოწოდებული, არა „ქართული ოცნების“ მოთხოვნით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენთვის იყო ეს პოლარიზაციის მთავარი ფაქტორი. დღეს, როდესაც უპირისპირდებით ამნისტიას, რომელმაც უნდა მოაგვაროს, ესეც არის ძალიან არათანმიმდევრული და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მოაწეროთ ხელი მიშელის შეთანხმებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ძალა ერთობაშიას“ სიით გასული დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობაში გუშინ ჩაერთნენ, თუმცა 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერას არ აპირებენ.