არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნისას და კლავს ახლაც, სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ სისტემაში რჩება ისეთი პარტია, რომლის აზროვნებაც მიმართულია სიძულვილის კამპანიისკენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ არის.
თალაკვაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სისტემაში რჩება ისეთი პარტია, რომლის აზროვნებაც მთლიანად მიმართულია სიძულვილის კამპანიისკენ.
„ვუერთდები კოლეგების სამძიმარს და ვიზიარებ მწუხარებას. ასეთი დამოკიდებულების, სიძულვილის, ზიზღის ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კლავს, „ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში რჩება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლის სტილიც, დამოკიდებულებაც, აზროვნებაც მთლიანად არის მიმართული იქით, როგორ შეავიწროონ ადამიანები, როგორ გააკეთონ ზიზღის და სიძულვილის კამპანია, როგორ დაესხან თავს ნებისმიერს, ვინც არ ჯდება მათ დღის წესრიგში და არ არის მათი ხაზის გამტარებელი. რასაკვირველია, ამას სჭირდება ძალიან მკაცრი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ასევე, სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.