არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - ნუ აიგივებთ თავს ზაზა სარალიძესთან, თქვენ ვერასოდეს იქნებით ერთი და იგივე
ნუ აიგივებთ თავს ზაზა სარალიძესთან, თქვენ ვერასოდეს იქნებით ერთი და იგივე, რადგან სარალიძე არის ადამიანი, რომელიც ითხოვს სამართლიანობას და თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ითხოვთ ქვეყანაში ჩამონგრევას, დაშლას და დესტაბილიზაციას,- ასე მიმართა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” თავად ითხოვდა კომისიის შექმნას, თუმცა როცა უმრავლესობა დასთანხმდა, ახლა ამბობენ, რომ ამას აზრი არ აქვს.
„ჩვენ აქ მოვისმინეთ პოლიტიკური ფარისევლობა. გავიხსენოთ, რა მოხდა კომისიის შექმნის პროცესში. ბიუროზე „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა კატეგორიული მოთხოვნით, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. მათ ეგონათ, რომ სახელისუფლებო გუნდი ამას მხარს არ დაუჭერდა. როგორც კი დაინახეს, რომ პრინციპულად მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას, არა მხოლოდ მხარი დავუჭირეთ, არამედ უმცირესობა არის უმრავლესობაში, მათ ნახევარ საათში 180 გრადუსით შეცვალეს თავისი გადაწყვეტილება. დღეს ამბობენ, რომ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს და კომისიის შექმნა არის არაეფექტური ნაბიჯი. სად არის თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ნახევარ საათში, როდესაც მთლიანად ცვლით თქვენს გაცხადებას და პოზიციას, ხალხმა როგორ უნდა დაგიჯეროთ, ნუ აიგივეთ თავს სარალიძესთან. თქვენ ვერასოდეს იქნებით ერთი და იგივე, რადგან სარალიძე არის ადამიანი, რომელიც ითხოვს სამართლიანობას და თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ითხოვთ ქვეყანაში ჩამონგრევას, დაშლას და დესტაბილიზაციას, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ. ეს პროცესი ვერ გასცდება პოლიტიკური და სამართლებრივ ფორმატებს. რაც შეეხება დროის გაჭიანურებას, ესეც არის სრული სიცრუე, რადგან ამ საქმეზე გამოძიება ისედაც მიმდინარეობს და ეს დრო ისედაც საჭირო იქნება, ვიდრე სასამართლო სხდომები დასრულდება. რაც შეეხება დისკრედიტაციას, სარალიძის დისკრედიტაციას ჩვენ კი არ ვეწევით, თქვენ ეწევით სარალიძის დისკრედიტაციას, რადგან ჩვენი მხრიდან პრემიერ-მინისტრი მას ორჯერ შეხვდა. მას გადაუკეთეთ და შეუცვალეთ სამართლიანობის მოთხოვნა პოლიტიკური მოთხოვნებით, შესაბამისად, სახეზეა პოლიტიკური ფარისევლობა და საზოგადოებამ განსაჯოს, ვის უნდა ამ საქმეში სიმართლე”, – განაცხადა თალაკვაძემ.