არჩილ თალაკვაძე - მზადყოფნას გამოვთქვამთ, სამართლიანი პირობების გარშემო დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ, როდესაც ამის მზადყოფნა იქნება ოპოზიციის მხრიდან
მოლაპარაკებები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, ძალიან საქმიანი იყო, პოზიციების დაახლოება ნამდვილად მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა სახელმწიფოს მართვა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებს მივაწოდოთ ყველა ის სერვისი, რაც ყოველდღიურად სჭირდება, განვაგრძოთ საქმის კეთება, რომელიც დაწყებულია და ბოლომდეა მისაყვანი. ამავე დროს, რასაკვირველია, ნებისმიერ მომენტში ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ სამართლიანი პირობების გარშემო დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ, როდესაც ამის მზადყოფნა იქნება ოპოზიციის მხრიდან და მზად ვართ, რომ სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები იყო არათანმიმდევრული, თუმცა მიუხედავად ამისა, დრო ტყუილად არ დაკარგულა და მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები დაახლოებულია.
„ჩვენ მოლაპარაკებების საკმარისი გამოცდილება მივიღეთ და ეს მოლაპარაკებები მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, ძალიან საქმიანი იყო. ვფიქრობ, პოზიციების დაახლოება ნამდვილად მოხდა. თუ მიაქციეთ ყურადღება ერთ განცხადებას, რაც აბსოლუტურად აცდენილი და არაგულწრფელი იყო, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა აქ თქვა, რომ ყველაფერი მიდიოდა გაუარესებისკენო და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა შეთანხმება. მე მაინტერესებს, თქვენ გახსოვთ თუ არა, ზუსტად იგივე ადამინების შეფასებები აქ, როდესაც წინა დღეს იყო ბრიფინგები, ყველა მათგანი ამბობდა, რომ მოლაპარაკებები წინ მიდის, რომ პოზიციები დაახლოებულია და ისინი გამოთქვამდნენ პოზიტიურ მოლოდინებს შეთანხმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს, როდესაც მათ თქვეს, ვერაფერზე შეთანხმება ვერ მოხერხდაო და „ქართულ ოცნებას“ ყველაფერზე ხისტი პოზიცია ჰქონდაო, ეს უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს, ამიტომ საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად სანდო იყო ის განცხადებები, რომლებსაც ოპოზიცია სამი დღის განმავლობაში ამბობდა, რომ პოზიციები ახლოვდება და მოლაპარაკებები წინ მიდის. დღეს ამბობდნენ, რომ თითქოს ყველაფერი უარესდებოდა და მივედით ამ ლოგიკურ შედეგამდეო. აი, ეს არის დამოკიდებულება, რაც უნდა დავინახოთ. ჩვენ ასეთი არათანმიმდევრული განცხადებები არ გაგვიკეთებია და ვიმეორებ ბატონი დანიელსონის შეფასებას, რომ ეს პროცესი, ეს დრო არ იყო დაკარგული ტყუილად, საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები არის დაახლოებული და თუ ოპოზიცია მომავალში პრაგმატულად, სამართლიანად შეხედავს პროცესს და წინა პლანზე დააყენებს სწორედ იმას, რაც საქართველოს და ხალხს სჭირდება და არა იმას, რაც ერთ-ორ პარტიას აინტერესებს, მე ვფიქრობ რომ შეთანხმება მიღწევადია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მომავალში მოლაპარაკებები შესაძლოა, გაგრძელდეს ელჩების ფასილიტაციით.
„ამ მოლაპარაკებებში ჩვენ მივიღეთ საკმაო გამოცდილება. საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რათა ჩვენი პარტნიორების ჩართულობით დიალოგი განაგრძოს და მიიყვანოს ბოლომდე. ასეთი პლატფორმა შეიძლება, რა თქმა უნდა, იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ფასილიტაცია, შეიძლება, იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული დიალოგის პლატფორმა. შეიძლება, იყოს კვლავ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს. ყოველ შემთხვევაში, დღეს უკვე განმარტებები გააკეთა სპეციალურმა წარმომადგენელმა. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული პოზიცია და სტრატეგიული მზადყოფნა იმისთვის, რომ შეთანხმება განვიხილოთ მომავალშიც. პარტიებთან კომუნიკაციას წინ არაფერი უდგას. დღევანდელი შეხვედრაც, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო მზად შეთანხმებისთვის, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები დაეხმარება მომავალში პოლიტიკურ პარტიებს შორის ნორმალურ საუბარს. შემთხვევით არ გაუსვა ხაზი ამას სპეციალურმა წარმომადგენელმა დანიელსონმა, საქართველოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები დღეს გახლავთ არა რურუა-მელისთან დაკავშირებით შეთანხმება, არამედ გახლავთ მთელი პოლიტიკური სპექტრის შეთანხმება და კონსოლიდაცია იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების გარშემო, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე, ესაა პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ცვალებად რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.