არჩილ თალაკვაძე - მთელი საზოგადოების დაკვეთაა, მოხდეს შეთანხმება, თუ ამასაც ჩაშლის ოპოზიცია, ვფიქრობ, შემდეგ არჩევნებს ძალიან მცირე მხარდაჭერით შეხვდებიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების საკითხი მართლმსაჯულების სისტემამ უნდა გადაწყვიტოს და ამ მიმართულებით ოპოზიციის მიდგომა არასწორია.
„დისკუსიაში, რასაც თქვენ ე.წ. პოლიტპატიმრებს არქმევთ, მე შემიძლია, შემოგყვეთ და გარწმუნებთ, რომ საკმაოდ დაძაბული საუბარი გვექნება, თუნდაც იმიტომ, რომ მაგალითად, მე მახსოვს, როდესაც ვმუშაობდი უფლებადაცვით სფეროში, წინა ხელისუფლებას 170-ზე მეტი პატიმარი ჰყავდა, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, ან იყო ჟურნალისტი, ვინც კრიტიკულად აშუქებდა მოვლენებს. ბევრი მათგანის მიმართ, არა მხოლოდ უკანონო პატიმრობა, არამედ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობაც იყო გამოყენებული. ეს ჩვენ ყველას გვახსოვს. რას ნიშნავს პოლიტპატიმრობა, ეს ამ ქვეყანამ და ამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, მოდით, ამ ბრალდებებს დღეს ნუ გამოვიყენებთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ შევთანხმდეთ.
მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან საკითხის ასე დაყენება, რომ პოლიტპატიმრები უნდა გახდეს ამ ქვეყანაში რაღაც მთავარ საკითხებზე შეთანხმების საგანი, თავისთავად, მიკერძოებული და არასწორია. პატიმრების საკითხი უნდა გდაწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემამ. ერთ შემთხვევაში სასამართლო ჩატარებულია, მეორე შემთხვევაში წინ არის სასამართლო პროცესები და ვფიქრობ, ოპოზიციის პარლამენტში ჩართულობა უფრო მეტად დაეხმარება იმას, რომ პარლამენტმაც თვალი ადევნოს, როგორ მიდის ეს პროცესები, რამდენად სამართლიანია ის შეჯიბრი, რაც სასამართლოში უნდა გაიმართოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, მოლაპარაკებებში საჭიროა ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმა და ამაზე იყო პარტნიორების ღია მოწოდებაც.
„როდესაც ხელისუფლებამ არაერთი შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება იმ მთავარ საკითხებზე, რომელიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს, საჭიროა, ოპოზიციამაც რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება, უნდა შეიტანონ თავისი წილი პასუხისმგებლიანი ნაბიჯები ამ მოლაპარაკებებში. თუ ჩვენ განვაგრძობთ განსხვავებების ძიებას, სადავო საკითხების შემოტანას დღის წესრიგში, მთავარ ცენტრში, მთავარი ყურადღების ქვეშ, მერწმუნეთ, რომ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება იქნება ძალიან რთული და ეს, საბოლოო ჯამში, დააზარალებს ჩვენს საზოგადოებას, ასევე, ძალიან დააზიანებს ოპოზიციას, ვინაიდან ერთი, რომ მათ საკუთარი ამომრჩევლების გადწყვეტილება არ გაითვალისწინეს, პარლამენტში არ შევიდნენ. მეორე – დღეს არის მთელი საზოგადოების დაკვეთა, მოხდეს შეთანხმება. თუ ამასაც ჩაშლის ოპოზიცია, ვფიქრობ, რომ შემდეგ არჩევნებს ისინი ძალიან მცირე მხარდაჭერით შეხვდებიან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.