არჩილ თალაკვაძე - „მთავარმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს უკიდურესად მიკერძოებული სიუჟეტი, თითქოს კომოს ტბაზე ვისვენებ, სინამდვილეში დილიდან ვარ პარლამენტში, ჩვეულებრივ ვაგრძელებ საქმიანობას
ტელეკომპანიებმა „მთავარმა“ და „ფორმულამ“ გუშინ გაავრცელეს, ჩემი აზრით, უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზებული სიუჟეტი, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, თითქოს ვიმყოფები იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად. სინამდვილეში, როგორც ხედავთ, მე დღეს დილიდან, როგორც ყოველთვის, ვარ საქართველოს პარლამენტში, ჩემს სამუშაო ოფისში და ჩვეულებრივ ვაგრძელებ საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სიუჟეტები ეთერში გავიდა ისე, რომ ინფორმაცია გადამოწმებული არ ყოფილა.
„ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ. მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხი გამეცა. თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად. ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში. როცა სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. გუშინ საზოგადოებას უმტკიცებდით, თითქოს ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან, თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად. სასაცილო სიუჟეტი იყო. მედიის საქმიანობის ელემენტარული საფუძვლებია, რომ ჯერ უნდა გადაამოწმოთ ინფორმაცია და შემდეგ უთხრათ საზოგადოებას, რის თქმაც გსურთ. თქვენ ეს გააკეთეთ პირიქით. ამიტომაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ სიუჟეტი პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.