არჩილ თალაკვაძე - მრავალმანდატიანი ოლქები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, შესაბამისად, ამ შესაძლებლობას განვიხილავთ
არჩილ თალაკვაძე - მრავალმანდატიანი ოლქები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, შესაბამისად, ამ შესაძლებლობას განვიხილავთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მრავლმანდატიანი ოლქები, რომელიც მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში განიხილება, არსებულ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

შესაბამისად, თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი მრავლმანდატიანი ოლქების შესაძლებლობას განიხილავს.

თალაკვაძის განმარტებით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხზე არგუმენტების გაცვლას დაეთმობა.

„წინა პოლიტიკური კონსულტაციების დროს იყო გაჟღერებული მოსაზრება მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ, რომელიც არსებული შერეული სისტემის ფარგლებში განიხილება. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში არსებულ კონსტიტუციასთან. შესაბამისად, ჩვენ ვთქვით წინა შეხვედრაზე, რომ განვიხილავთ ამის შესაძლებლობას. დღეს ზუსტად ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა იმას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით. თუ რა შეთანხმება შეიძლება, იყოს მიღწეული და როგორ გაგრძელდება დილალოგი, ამას ვნახავთ უკვე შეხვედრის შემდეგ. მნიშვნელოვანწილად შეხვედრის შედეგები დამოკიდებულია იმაზე, რომელი პოლიტიკური პარტია რა პოზიციას დააფიქსირებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამ არგუმენტებს გავაცნობთ მხარეებს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა მიმდინარეობს.