არჩილ თალაკვაძე - მრავალმანდატიანი ოლქები, სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რომლებიც შეიძლება, რაიონებში, ადგილზე ჰქონდეთ მოქალაქეებს
არჩილ თალაკვაძე - მრავალმანდატიანი ოლქები, სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რომლებიც შეიძლება, რაიონებში, ადგილზე ჰქონდეთ მოქალაქეებს

ათი ოლქის შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით და ბევრად უფრო გაართულებს მაჟორიტარების საქმიანობას, ზოგადად მაჟორიტარული ფუნქციის განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მრავალმანდატიანი ოლქების მოდელზე შეთანხმება ვერ შედგა და დიალოგი გრძელდება.

„განვიხილეთ მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ არსებული წინადადება. როგორც გითხარით, ჩვენი არგუმენტები წარვადგინეთ ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით. რეალურად დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტები, რომლის მიხედვითაც, მრავალმანდატიანი ოლქები, სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რომელიც შეიძლება, რაიონებში, ადგილზე ჰქონდეთ მოქალაქეებს და ჰქონდეთ სურვილი, აირჩიონ თავისი წარმომადგენლები. სამწუხაროდ, მრავალმანდატიანი მოდელი არათანაბრად უზრუნველყოფს დიდი და მცირე რაიონების წარმომადგენლობას და ინტერესებს. მათ შანსებს, რომ თავისი წარმომადგენელი აირჩიონ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის  განცხადებით, მეორე პრობლემა ის არის, რომ მრავალმანდატიანი ოლქების დროს ოლქების გამსხვილება ხდება.

„ძალიან დიდი ოლქები უნდა იყოს შემოღებული, რაც თავისთავად ართულებს თვითონ მაჟორიტარისა და მაჟორიტარული ინსტიტუტის დანიშნულებას. მოგეხსენებათ, ასეთი რამდენიმე გაერთიანება ახლაც არსებობს და ამან უკვე 2016 წლიდან წარმოშვა პრობლემა. მით უმეტეს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი და ბევრად დიდი ოლქების შექმნა მოხდება. ათი ოლქის შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით და ბევრად უფრო გაართულებს მაჟორიტარების საქმიანობას და ზოგადად მაჟორიტარული ფუნქციის განხორციელებას, კიდევ უფრო ნაკლები ყურადღების დათმობა იქნება შესაძლებელი იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობენ ადგილებზე, ქალაქებში, სოფლებში და თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ, რომ აირჩიონ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, რეალურად ამ მოდელით შეიძლება, მივიღოთ ისე, რომ ამ წარმომადგენელს შემდეგში ექნება ძალიან დაბალი შანსი, ყურადღება მიაქციოს თავის ამომრჩევლებს, ოლქის საჭიროებებს. კიდევ არის სამი-ოთხი არგუმენტი, რომლებიც მე შემიძლია, გითხრათ და განვიხილეთ დღეს. ამ არგუმენტების გათვალისწინებით, შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით არ არის მიღწეული. ვერ მოხდა შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით და დიალოგს ვაგრძელებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციას მოლაპარაკებების დროს არ გამოუთქვამს პრეტენზია, თითქოს ხელისუფლება დროს წელავს. „რაც შეეხება დროის ფაქტორს, არ ვიცი, ოპოზიციას ასეთი არ უთქვამს დიალოგის დროს. თუ მათ თქვეს ინტერვიუს დროს, თითქოს ჩვენ გაგვყავს დრო, პირიქით, შეგახსენებთ, ჩვენს თავდაპირველ განცხადებებს, რომ მზად ვართ და ოპოზიციას აქვს ნებისმიერი დრო, გააგრძელონ თავისი მოქმედებები ისე, როგორც ისინი ფიქრობენ და თვლიან საჭიროდ. არ მგონია, რომ ეს დიალოგთან რაიმე კავშირში იყოს. პირიქით, ეს მათ პოზიციებს ასუსტებს დიალოგში და არა ჩვენს პოზიციებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, შემდეგი მოლაპარაკებების საკითხები ჯერ არ არის დაზუსტებული.

„აქამდე მოლაპარაკებები დაეთმო ორ სხვადასხვა საკითხს, თქვენ იცით. შესაბამისად, ვისაუბრეთ ამ ორ საკითხზე ბოლო მოლაპარაკებების ფარგლებში. დიალოგი გაგრძელდება. თუ რა იქნება შემდეგი დიალოგის საგანი და საკითხი, ამაზე ჩვენ მოსამზადებელ სამუშაოებს ჩავატარებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. შემდეგ შეხვედრამდე არის დრო. ოპოზიცია იმუშავებს. ჩვენ ვიმსჯელებთ, რისი გაკეთება არის დამატებით შესაძლებელი არსებული სისტემის ფარგლებში. ვფიქრობ, არის სივრცე, სადაც შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დიალოგი ემსახურება სწორედ იმას, რომ მოხდეს ყველა შესაძლებლობაზე არგუმენტების გაცვლა და მათი განხილვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.