არჩილ თალაკვაძე - მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ კენჭისყრის თარიღზე კითხვის ნიშნები არ შეიძლება იყოს
არჩილ თალაკვაძე - მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ კენჭისყრის თარიღზე კითხვის ნიშნები არ შეიძლება იყოს

პარლამენტმა მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესი ჩაატარა დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, კომიტეტის სხდომა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა ეყაროთ, რეგლამენტის თანახმად სამი დღით ადრე დაანონსდა.

„საქართველოს პარლამენტმა მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესი ჩაატარა დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. მე ვფიქრობ, საზოგადოებამაც ნათლად დაინახა, რომ ყველა კითხვა იყო დასმული და ყველა კანდიდატის მოსმენა მოხდა საჯაროდ. ვინაიდან, საშემოდგომო სესია იხურება და პრაქტიკულად ეს არის ბოლო პლენარული სხდომა, შესაბამისად რეგლამენტის თანახმად ამ სხდომაზე ჩვენ შეგვიძლია ეს საკითხი განვიხილოთ. რაც შეეხება კომიტეტის ჩანიშვნას, ის სამი დღით ადრე იყო დაანონსებული, როგორც ამას საწართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები არ შეიძლება იყოს, თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია სჭირდება, იურიდიული კომიტეტისგან შეიძლება მიიღოს. ეს საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისთვის, ვინაიდან ათასობით საჩივარი არის უზენაეს სასამართლოში, რომელზეც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან გადაწყვეტილებას, შესაბამისად, პარლამენტი ვალდებულია დროულად უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება, რათა მართლმსაჯულება ყველა მოქალაქისთვის განხორციელდეს დროულად და ბოლომდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 11 დეკემბერს გაიმართება.