არჩილ თალაკვაძე - მოსახლეობა თავად დაინახავს, რომელია ამ მოსამართლეებს შორის ყველაზე ღირსეული და ვინ იმსახურებს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას
რომელი მოსამართლეები დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს და აჩვენებენ, რომ იმსახურებენ მოსამართლედ განწესებას, ამას გვაჩვენებს თავად პროცესი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„როგორც უმრავლესობის წევრებს, ასევე ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და ჩვენი საზოგადოების წევრებს, ექნებათ საშუალება, დაესწრონ ან თვალი ადევნონ სხდომას, მიიღონ მასში მონაწილეობა, კითხვები დასვან და ეს ყველაფერი არის საჯარო. შესაბამისად, რომელი მოსამართლეები იქნებიან, ვინც პროფესიონალიზმის, დამოუკიდებლობის, პრინციპულობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ და აჩვენებენ ამ საჯარო გამოსვლებში, რომ სწორედ ისინი არიან, ვინც იმსახურებენ მოსამართლედ განწესებას, ამას გვაჩვენებს თავად პროცესი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის საზოგადოებას ჰპირდება, რომ განხილვები მაქსიმალურად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება.
„მოსახლეობა თავად დაინახავს, რომელია ამ მოსამართლეებს შორის ყველაზე ღირსეული და ვინ იმსახურებს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას. რასაც არ უნდა ამბობდეს ოპოზიცია და ვის მეგობრადაც არ უნდა მიაჩნდეთ თითოეული კანდიდატი, ამიტომ ვატარებთ ამ პროცესს ღიად, რომ თუ მართლა არსებობს სერიოზული შეკითხვები, დაუსვან ეს კითხები კანდიდატებს. თუ ვერ გასცემენ პასუხებს, მაგასაც ვნახავთ და ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.