არჩილ თალაკვაძე - მოქალაქეების და ბიზნესის, წარმოების დასახმარებლად სახელმწიფო 3,5 მილიარდ ლარს დახარჯავს
არჩილ თალაკვაძე - მოქალაქეების და ბიზნესის, წარმოების დასახმარებლად სახელმწიფო 3,5 მილიარდ ლარს დახარჯავს

ჩვენი სახელმწიფო დახარჯავს 3,5 მილიარდ ლარს იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს და დაეხმაროს ბიზნესს, რომელიც საბოლოო ჯამში ასევე ადამიანებს და ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ დეტალურად ისაუბრა იმ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესახებ, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კარგი კოორდინაცია და თანამშრომლობა შედგა. მისივე განცხადებით, კოვიდინფექციის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებსა და საერთო ამოცანების გადაჭრაშო აქტიურად არის ჩართული ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.

„სწორედ ეს დრო იქნა გამოყენებული მოსამზადებლად და გეგმის გასაკეთებლად, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის გახსნას, აღდგენას ემსახურება. ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ჩვენს თანამოქალაქეებს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, ჩვენს პარტნიორებს, მხარდაჭერისთვის და საერთო ძალისხმევისთვის. მხოლოდ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი ის, რაც ჩვენ შევძელით დღემდე კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმის ძირითადი ნაწილი შეაჯამა. მისი თქმით, გეგმის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით 350 მილიონი ლარი, მოქალაქეებზე ზრუნვისთვის 1 მლრდ 35 მლნ ლარი, ხოლო ეკონომიკის და ბიზნესის მხარდასაჭერად დაიხარჯება 2 მლრდ 110 მლნ ლარ დაიხარჯება. სახელმწიფო მოქალაქეებისა და ბიზნესის დასახმარებლად, ჯამში, 3,5 მილიარდ ლარს დახარჯავს.

„ყველა, ვინც დაკარგა სამსახური და შემოსავალი, ფინანსური დახმარების სახით მიიღებს 1200 ლარს; ადამიანები, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებულები და ადასტურებენ ამ შემოსავალს რომელიმე მარტივი წყაროს საშუალებით, მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას, მოქალაქეები, ვისი ოჯახებიც 65-დან 100 ათასი სოციალური ქულის ფარგლებში ფასდებიან, მიიღებენ 600 ლარიან დახმარებას და ეს სეგმენტი, ხაზგასმით ვამბობ, მნიშვნელოვნად მოიცავს უმუშევარ ანუ დაუსაქმებელ მოქალაქეებსაც. ასევე, დახმარებას მიიღებენ მრავალშვილიანი ოჯახები, ვისი ოჯახებიც და ვინც ნოლიდან 100 ათასი ქულის ფარგლებში არიან სოციალური შეფასების ქულებით შეფასებულები, მიიღებენ 600 ლარიან დახმარებას განსაკუთრებულად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და პენსიები გაეზრდებათ პენსიონერებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, არის ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული გეგმაც და ეს ეხება დღგ-ს სწრაფ დაბრუნებას, ასევე, ბანკებისთვის რესურსისა და ბიზნესისთვის კონკრეტული ინსტრუმენტების შექმნასა და მხარდაჭერას.

„დღგ-ს სწრაფი დაბრუნება – 600 მილიონამდეა ჯამური ოდენობა, ბანკებისთვის რესურსის შექმნა – ასევე 600 მილიონზეა საუბარი, ბიზნესისთვის კონკრეტული ინსტრუმენტების და მხარდაჭერის შექმნა, რომელიც უკავშირდება „აწარმოე საქართველოს“ და მცირე, საშუალო ბიზნესპროექტების მხარდაჭერას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კიდევ უფრო მხარდაჭერას. ეს არის ძირითადად არსი იმ პროგრამის, რომელიც დღეს ჩვენ წარვადგინეთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.