არჩილ თალაკვაძე - მოქალაქე საარჩევნო უბანზე მეორედ თუ მივა, ელექტრონული მანქანა ხმის მიცემის საშუალებას არ მისცემს, ამის გარკვევა უმარტივესია, ვიდრე დეზინფორმაციას გაავრცელებ
ეს არის შეტევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მის ადმინისტრირებაზე. არაფერი უნდოდა იმის გარკვევას, რომ მოქალაქე, რომელიც არჩევნებზე პირადობის მოწმობით მივა, ერთ საარჩევნო უბანზე იმ შემთხვევაში მისცემს ხმას, თუ ელექტრონულ მანქანაში მისი სახელი და გვარი, მისი პირადი ნომერი იქნება დარეგისტრირებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ISFED-ის მიერ საარჩევნო ელექტრონული აპარატების შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მოქალაქე საარჩევნო უბანზე მეორედ თუ მივა და იმავე პირადობის მოწმობას აჩვენებს, ელექტრონული მანქანა მას ხმის მიცემის საშუალებას არ მისცემს.
„ერთ უბანზე ხმის მიცემის შემდეგ თუ სხვა უბანზე მივა და ხმის მიცემას ხელმეორედ შეეცდება, ელექტრონული მანქანა არც ამის საშუალებას იძლევა, რადგან სხვა საარჩევნო უბანზე მისი სახელი და გვარი არ არის რეგისტრირებული. ამის გარკვევა უმარტივესია, ვიდრე ანგარიშს გამოაქვეყნებ და დეზინფორმაციას გაავრცელებ. რა თქმა უნდა, ავტორიტეტისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია ასეთ ნიუანსებს უნდა ამოწმებდეს. შეიძლება, საქმე გაცილებით უარეს ამბავთან გვაქვს, როცა მათ ეს გადამოწმებულიც აქვთ, იციან კიდეც, მაგრამ დეზინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ. შეიძლება, ეს იმ შავი კამპანიის ნაწილი იყოს, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ცესკო-სა და ელექტრონული სისტემის წინააღმდეგ ვხედავთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ ეს არის საიმედო სისტემა, რვა-ცხრა არჩევნებზე იმუშავა, აჩვენა, რომ საიმედოა და ნდობას იმსახურებს, რის შემდეგაც გააქტიურდა ასეთი სახის საინფორმაციო ხაზი. შეიძლება, ეს იყოს ამ ხაზის ნაწილიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.