არჩილ თალაკვაძე - მომდევნო თვეებში უფრო მეტად გავხსნით კარს მომავლის ხედვის მქონე წარმატებული ადამიანებისთვის
მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გავხსნით კარს მომავლის ხედვის მქონე წარმატებული ადამიანებისთვის, ყველა თაობის წარმომადგენლისთვის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„მომავალი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გავხსნით კარს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, თავისი გამოცდილება, ენერგია, თუ მოტივაცია საჯარო პოლიტიკაში დახარჯოს და ერთგვარად, ამის კონვერტაცია გააკეთოს საზოგადოებრივი სიკეთის შესაქმნელად. ჩემი აზრით, განახლების პროცესი ხელს შეუწყობს იმას, რომ პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად დინამიური გახდება და რაც მთავარია, შეიქმნება ერთგვარი სოციალური ლიფტები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს, თავიანთი კონკრეტული სამუშაო სფეროდან, გამოცდილებიდან და სოციუმიდან შემოვიდნენ ისეთ საჯარო პროცესებში, როგორც არის პარლამენტი, თვითმმართველობა, ან აღმასრულებელი ხელისუფლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და მმართველ პარტიაში არის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მმართველი პარტია 2020 წლის არჩევნებზე ნუკრი ქანთარიას ვინმეთი ჩანაცვლებას, ვისაც „ქართული ოცნება“ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ეძებს, რადგან როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მმართველ გუნდში განახლება იგეგმება, ამის პარალელურად კი, ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ 2020 წლის შემდეგ თავის თავს პარლამენტში ვერ ხედავს, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ნუკრი ქანთარიას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, მისი ინტერპრეტაცია მედიამ მოახდინა და ამასთან, ამ საკითხების ურთიერთდაკავშირება სწორი არ იქნება.
„ბატონი ნუკრი გამოცდილი ადამიანია. ის დიდი ხანია, პოლიტიკაშია და ვფიქრობ, როგორც პარტიის, ასევე მის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, 2020 წლის შემდეგ სად იპოვის თავის ფუნქციასა და ადგილს პოლიტიკაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, გუნდის განახლება არ ნიშნავს, რომ პარტია ძველ თანაგუნდელებს ემშვიდობება და ისინი პასიურ სივრცეში გადაჰყავს.
„ჩვენი გუნდის ყველა წევრი, მათ შორის, გამოცდილი წევრებიც, 2020 წლის შემდეგ საჯარო პოლიტიკურ პროცესში, საჯარო პროცესებში თავის ღირსეულ ადგილს კვლავ დაიკავებენ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტია საზოგადოებას მშვიდ, საქმიან პოლიტიკას სთავაზობს და პარტიაში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების ერთად ყოფნა იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოების გამაერთიანებელი პოლიტიკური ძალაა.