არჩილ თალაკვაძე - მოხარული ვართ, რომ არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკას ექნება სან-ტომე და პრინსიპის ძლიერი მხარდაჭერა
შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ ურთიერთობებს, მათ შორის, ისეთ ფორმატებში, როგორებიც არის საპარლამენტთაშორისო კავშირი, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა და სხვა საერთაშორისო ფორმატები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, დელფიმ სანტიაგო დას ნევესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ეწვია ჩემი კოლეგა, სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე დელფიმ დას ნევესი. ეს არის სან-ტომე და პრინსიპის და მთლიანად აფრიკის ამ რეგიონის ქვეყნებიდან პარლამენტის უმაღლესი რანგის პირველი, ისტორიული ვიზიტი. შესაბამისად, ბატონო თავმჯდომარე, ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია თქვენი მასპინძლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
„შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ ურთიერთობებს, მათ შორის, ისეთ ფორმატებში, როგორებიც არის საპარლამენტთაშორისო კავშირი, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა და სხვა საერთაშორისო ფორმატები.
დავაფიქსირეთ ქართული მხარის მზაობა, რომ ჩვენს კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი წარმატებული გამოცდილება და ცოდნა რეფორმების მხრივ, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების, ეკონომიკის, პოლიციის, კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება.
„მოხარული ვართ, რომ არაღიარების პოლიტიკას და დეოკუპაციის პოლიტიკას ექნება სან-ტომე და პრინსიპის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს მოსახლეობის სახელით, მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგას, სპიკერს, ამ მხარდაჭერისთვის.
ჩვენ ვაფასებთ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაში ჩვენი აფრიკელი კოლეგების თანადგომას. ბატონო ნევეს, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი იქნება ჩვენს პარლამენტებს შორის წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარების ახალი ეტაპი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.