არჩილ თალაკვაძე - მნიშვნელოვანია, ფეიკნიუსს გაეცეს პასუხი, მიუღებელია ყალბი ცნობები, მოქალაქეებს სჭირდებათ ინფორმაცია, რომელსაც მართლა შეიძლება დაეყრდნო
მნიშვნელოვანია, რომ ფეიკნიუსს გაეცეს პასუხი, მიუღებელია ყალბი ცნობები, რეალობის გაყალბება, ჩვენ გვჭირდება ობიექტური, დამოუკიდებელი მედია და მოქალაქეებს სჭირდებათ ინფორმაცია, რომელსაც მართლა შეიძლება დაეყრდნო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყალბი ინფორმაცია თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა.
„ფეიკნიუსი, ანუ ყალბი ინფორმაცია, არის დღეს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა. განსაკუთრებით დემოკრატიული სახელმწიფოების, სადაც მედია და საინფორმაციო სივრცე არის განვითარებული. ეს აზიანებს მოქალაქეების ინტერესებს, აზიანებს ჯანსაღ დემოკრატიულ პროცესებს, ეკონომიკასაც აზიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ფეიკნიუსს გაეცეს პასუხი. ფეიკნიუსთან საზოგადოებასა და ხელისუფლებას, ასევე ოპონენტებს, სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს თავისი სტრატეგია და დამოკიდებულება.
ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ მიუღებელია ყალბი ცნობები, მიუღებელია რეალობის გაყალბება. ჩვენ გვჭირდება ობიექტური, პასუხისმგებლიანი, დამოუკიდებელი მედია და მოქალაქეებს სჭირდებათ ინფორმაცია, რომელსაც მართლა შეიძლება დაეყრდნო, რადგან ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადამიანები ყოველდღე იღებენ გადაწყვეტილებებს. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ეს ინფორმაცია არის ყალბი, მაშინ რამდენ მოქალაქეს აყენებს ის ზიანს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.