არჩილ თალაკვაძე - მმართველმა ძალამ მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აქამდე სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფებოდა, მიეცეს საშუალება, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აქამდე სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფებოდა, მიეცეს საშუალება, მიიღოს თავისუფალი გადაწყვეტილებები და ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ორი საკითხი გახადა სპეკულაციის საგნად და ქვეყნის საწინააღმდეგო პროცესებში მთავარ საკითხებად დააყენა.
როგორც თალაკვაძე ამბობს, საზოაგადოებამ იხილა, რომ ოპოზიციის ბოიკოტს არც მათი მხარდამჭერები ეთანხმებიან.
„ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, არც დოკუმენტში წერია სიტყვა პოლიტიკური პატიმრები და არც ჩვენ არასოდეს მიგვიცია ეს კვალიფიკაცია ამ საქმეებზე. საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს სასამართლომ, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით აქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომელსაც ასევე ჩვენი მოქალაქეების 50 პროცენტზე მეტი მიიჩნევს სანდოდ და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიმღებად. ასევე მოქალაქეებს კარგად ახსოვთ, რა მოხდა პარლამენტის შენობის წინ და ნამდვილად ჰქონდა ადგილი ძალადობას საკონსტიტუციო ინსტიტუტის წინააღმდეგ. ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, სხვა ქვეყნებში ასეთი ტიპის ქმედებას როგორც პასუხობს სახელმწიფო და კანონი. შესაბამისად, საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ვერც იქნებოდა გამონაკლისი. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ეს ორი საკითხი გახადა სპეკულაციის საგანი და პრაქტიკულად, ისინი დააყენა, როგორც თავის ვიწროპოლიტიკურ ჭრილში, ასევე ქვეყნის საწინააღმდეგო პროცესებში მთავარ საკითხად. ამაზე ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა და მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რათა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აქამდე სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფებოდა, მიეცეს საშუალება, მიიღოს თავისუფალი გადაწყვეტილებები და ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც ეს იყო. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, დესტრუქციული სცენარით განვითარდეს სააკაშვილის და მისი რადიკალური დაჯგუფებისთვის სასურველი პროცესები. ისინი ამას ვერც მოახერხებენ და ეს განწირულია. ამაზე მიუთითებს ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებაც.
მათ პარლამენტის წინ გამოიძახეს ყველა თავისი მხარდამჭერი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხმა მისცეს ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენ ვნახეთ, რამდენი მოქალაქე ეთანხმებოდა ამ გაკოტრებულ დესტრუქციულ გეგმას. ასევე ვნახეთ საზოგადოების აზრის კვლევა, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ თავისი მხარდამჭერებიც, მთელი საზოგადოებაც არ ეთანხმება ოპოზიციის ბოიკოტს და იმ დესტრუქციულ გეგმებს, რომელიც სააკაშვილს აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.