არჩილ თალაკვაძე - მმართველ გუნდს არ ექნება კრიტიკული შეფასება, თუ გიორგი რურუას პრეზიდენტი შეიწყალებს
ცნობილია, რომ გიორგი რურუა არ არის პოლიტიკოსი, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საარჩევნო ან პოლიტიკურ პროცესზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ ასევე გამოვხატეთ პოზიცია, რომ არ გვექნება კრიტიკული შეფასება თუ მას პრეზიდენტი შეიწყალებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
„ვთვლით, რომ ამ წლების განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებაზე, სასამართლოზე და პროკურატურაზე, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და თვისობრივად გაუმჯობესდა ვითარება ოპოზიცის და მასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მედიასაშუალების მხრიდან ხდებოდა არაობიექტური და მოტივირებული შეტევა მისი დისკრედიტაციის მიზნით. ქართულ სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემაში დამოუკიდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. რასაკვირველია, შეთანხმების დოკუმენტში მოცემული 2/3-ის პრინციპი უნდა დაზუსტდეს და გაიწეროს ევროპული პრაქტიკის შესაბამისად ისე, რომ არ მოხდეს პროცესში პოლიტიკური ჩარევა ან მისი ბლოკირება არასათანადო ფორმით“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მმართველი გუნდის მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება.
„ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას, პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რას წარმოადგენს გიორგი რურუას სისხლის სამართლებრივი საქმე, ცნობილია, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საარჩევნო ან პოლიტიკურ პროცესზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ ასევე გამოვხატეთ პოზიცია, რომ არ გვექნება კრიტიკული შეფასება თუ მას პრეზიდენტი შეიწყალებს. ასევე ცნობილია ის შემოთავაზება, რომელიც მედიატორმა გააკეთა მელიასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40-პროცენტიანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა რვა მარტის დოკუმენტით და ასახულია კონსტიტუციაში, სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ კიდეც თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40-პროცენტიანი ზღვრის გაზრდა 43 პროცენტამდე. „ქართული ოცნება“ მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით“, – განაცხადა თალაკვაძემ.