არჩილ თალაკვაძე - მხარს ვუჭერთ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პროფესიონალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირის შერჩევას
მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეებისა და პარლამენტის მონაწილეობით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატი შეირჩევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
კითხვაზე – აღნიშნულ თანამდებობაზე არის თუ არა „ქართული ოცნების“ რჩეული მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე, თალაკვაძე პასუხობს, რომ უმრავლესობის ფავორიტი კანონის უზენაესობა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია.
„მხარს ვუჭერთ, რომ ამ პოზიციაზე შერჩეული იყოს პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც შეძლებს, პროკურატურის საქმიანობას გაუძღვეს იმგვარად, რომ ქვეყანაში მართლწესრიგი უზრუნველყოფილი იყოს და დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი პასუხისგებაში იყოს მიცემული. ეს არის პროკურატურის მიმართ საზოგადოების მოთხოვნაც და მოლოდინი“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მთავარი პროკურორის თანამდებობა ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ ვაკანტურია. შოთაძემ თანამდებობა ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დატოვა. ამ დროისთვის, კანონით გაწერილი წესის თანახმად, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. საპროკურორო საბჭოში დღეისთვის ამ თანამდებობაზე 20 კანდიდატურაა წარდგენილი: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი, შალვა შავგულიძე, ნონა ფილაური, ალექსანდრე კობაიძე, ლენა კაპანაძე, კოტე ჭილაია და ლევან ძნელაძე. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის მოქმედმა მოადგილე გიორგი გოგაძემ, საკუთარი კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.