არჩილ თალაკვაძე - მჯერა, დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შესატანად ვემზადებით, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს
100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელმაც ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო სხდომის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო პარლამენტის წევრებო, ბატონო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატო და მთავრობის წევრებო, პატივცემულო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარევ, ბატონო მერო, პატივცემულო ელჩებო, ძვირფასო სტუმრებო, ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტის სასახლეში. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენთან იმყოფება ექვთიმე თაყაიშვილი უმცროსი, რომელიც დიდი ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალია. ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება და ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. იგი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას უზენაეს ღირებულებად აცხადებს, ხოლო ეროვნულ დამოუკიდებლობას − უმთავრეს მიზნად. მჯერა, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის ვემზადებით, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს! გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.