არჩილ თალაკვაძე - თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მისთვის უმთავრესია თანამოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესი
მინდა მივმართო საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ კვლავ ერთად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მისთვის უმთავრესია თანამოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას, პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რას წარმოადგენს გიორგი რურუას სისხლის სამართლებრივი საქმე, ცნობილია, რომ ის არ არის პოლიტიკოსი, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საარჩევნო ან პოლიტიკურ პროცესზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ ასევე გამოვხატეთ პოზიცია, რომ არ გვექნება კრიტიკული შეფასება თუ მას პრეზიდენტი შეიწყალებს. ასევე ცნობილია ის შემოთავაზება, რომელიც მედიატორმა გააკეთა მელიასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40-პროცენტიანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა რვა მარტის დოკუმენტით და ასახულია კონსტიტუციაში, სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ კიდეც ნდობის 40-პროცენტიანი ზღვრის გაზრდა 43 პროცენტამდე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ქართული ოცნება“ მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით.მინდა მივმართო საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ კვლავ ერთად და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მისთვის უმთავრესია თანამოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ყველაზე პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ძალა და რასაკვირველია, ჩვენ 40 და 43-პროცენტიან ბარიერსაც დამაჯერებლად გადავლახავთ ეფექტური საარჩევნო კამპანიით და იმ თანაგუნდელებით, იმ კანდიდატებით, რომელთა წარდგენაც ჩვენი მხრიდან მოხდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.