არჩილ თალაკვაძე - მიუხედავად ტერიტორიების ოკუპაციისა, რომელიც დღემდე გრძელდება, საქართველო მაინც რჩება უსაფრთხოების სფეროში დასავლეთის საიმედო მოკავშირედ რეგიონში
არჩილ თალაკვაძე - მიუხედავად ტერიტორიების ოკუპაციისა, რომელიც დღემდე გრძელდება, საქართველო მაინც რჩება უსაფრთხოების სფეროში დასავლეთის საიმედო მოკავშირედ რეგიონში

გასულ კვირას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ, ამჯერად საერთაშორისო სასამართლოს დონეზე დადასტურდა ფაქტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაცია ახორციელებს კონტროლს და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სწორედ მას ეკისრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის 2020 წლის მუშაობის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, ადამიანის უფლებათა უმძიმეს დარღვევებს.

„ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი საზოგადოების რწმენას ევროპული და დასავლური ინსტიტუტების მიმართ, ღირებულებათა სისტემის მიმართ, რომელშიც სამართლიანობა განუხრელად არის დაცული და ეს არ არის მხოლოდ დიდი სახელმწიფოების პრივილეგია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, რომელიც საქართველომ მშვიდობით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით უნდა გაიაროს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად ტერიტორიების ოკუპაციისა, რომელიც დღემდე გრძელდება, საქართველო მაინც რჩება უსაფრთხოების სფეროში დასავლეთის საიმედო მოკავშირედ რეგიონში.

„ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში სამაგალითოა. საქართველო აშშ-ის და ევროკავშირის საიმედო პარტნიორია ტერორიზმთან, ჰიბრიდულ საფრთხეებთან, ტრეფიკინგთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თვალსაზრისით. უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს თავდაცვის სფეროში ჩვენს პარტნიორებთან და  ნატო-სთან. საქართველოს გამორჩეული წვლილი შეაქვს ალიანსის საერთაშორისო მისიებში  და ჩვენ გვეამაყება, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ მსოფლიოს ურთულეს წერტილებში იცავენ მშვიდობას და თავისუფლებას. საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტს-უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი როლი აქვს-თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების საკანონმდებლო მხარდაჭერა და რაც მთავარია საპარლამენტო კონტროლის განხორციელება. ტრადიციული საფრთხეების არსებობა, ასევე, რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილება ჩვენგან მოითხოვს უსაფრთხოების სფეროში მაღალი დონის თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან. ამ მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, პარლამენტი გეგმავს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობას, რომელშიც პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის, კიბერსაფრთხეების,  ანტიდასავლური პროპაგანდისა და ინფორმაციული ოპერაციების საპასუხოდ ეროვნული შესაძლებლობებისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერება“, – განაცხადა თალაკვაძემ.