არჩილ თალაკვაძე - მისასალმებელია, რომ „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „მოქალაქეებმა“ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა საგანგაშოა, რომ მათ მიმართ ნეგატიური კამპანიის მომსწრენი გავხდით
არჩილ თალაკვაძე - მისასალმებელია, რომ „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „მოქალაქეებმა“ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა საგანგაშოა, რომ მათ მიმართ ნეგატიური კამპანიის მომსწრენი გავხდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „მოქალაქეებმა“ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთნენ.

მისივე თქმით, საგანგაშოა, რომ აღნიშნული პარტიების წარმომადგენელთა მიმართ აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს.

„ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილი და მოლოდინი გახლავთ, რომ ოპოზიცია პარლამენტის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს იმ წარმომადგენლობით, როგორც ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტა. აშშ და ევროკავშირის ელჩები ფასილიტაციას უწევენ პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც პოზიციების დაახლოება და პარტიების მუშაობის საპარლამენტო სივრცეში დაბრუნებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი სულისკვეთება არის თანხმობაში იმასთან, რაც სურთ ჩვენს მოქალაქეებს და რაც სურთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს. და ეს სურვილი, ამ შემთხვევაში, სრულად ასახავს დემოკრატიის პრინციპს, რომ მონაწილეობა არის დემოკრატიის ფუნდამენტი.

ამ ფონზე მისასალმებელია, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „მოქალაქეებმა“ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთნენ. თუმცა, საგანგაშოა, რომ ამ დღეებში აღნიშნული პარტიების წარმომადგენელთა მიმართ, აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანიის მომსწრენი გავხდით რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან. ეს ნათლად აჩვენებს დემოკრატიის ხარისხს და დამოკიდებულებას განსხვავებული აზრის მიმართ, თვითონ ოპოზიციის შიგნით. დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ამომრჩევლის 39%-ის მხარდაჭერა აქვს, ჯერ კიდევ რჩება ბოიკოტის რეჟიმში. ვიმეორებ, ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყო ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია – სწორედ ამიტომ,  ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ მართებული გადაწყვეტილებები და კარი ჯერ კიდევ ღიაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება რეფორმების შემდეგ ეტაპს, თალაკვაძის განმარტებით, პარლამენტი შეიმუშავებს საარჩევნო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს ეყრდნობა.

„ჩვენ ვცვლით საარჩევნო სისტემას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც საკრებულოებში გაზრდის პროპორციული სიით არჩეულ წევრთა რაოდენობას. იცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპი. ამომწურავად გაიწერება ადმინისტრაციული რესურსის ამკრძალავი წესები. ზეგავლენისგან დაცული ხდება საარჩევნო უბნის პერიმეტრი, დაინერგება ხმის მიცემის კონტროლის ელექტრონული საშუალებები, როგორიცაა ბიულეტენის ელექტრონული მთვლელები, და თითის ანაბეჭდით რეგისტრაცია. უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო უბნების შედეგების მინიმუმ 10%-ის გადათვლის შესაძლებლობა და სხვა. შედეგად, ჩვენ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს და გაუმჯობესებული კანონმდებლობის პირობებში ჩავატარებთ ადგილობრივ არჩევნებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობას ანგარიშს წარდგენისას.