არჩილ თალაკვაძე - მინდა, ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, პარლამენტი მუშაობს, გააგრძელებს საქმიანობას, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს და გააგრძელებს საქმიანობას, რათა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეფერხდეს.
„მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, პარლამენტი მუშაობს, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას, რათა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეხებათ პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ ჩვენს მოქალაქეებს, ინფრასტრუქტურას, რეგიონებსა თუ დედაქალაში, სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას, ეს ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან. პარლამენტს აქვს მისაღები 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქის, მთელი ქვეყნის ინტერესებშია და, რა თქმა უნდა, პროტესტის გამოხატვის უფლება იქნება დაცული, მაგრამ იმ მოქალაქეების ინტერესიც იქნება განუხრელად დაცული, ვინც ელოდება, რომ ქვეყანა აგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას “ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა პოლიტიკურ პროცესში ისე უნდა იმოქმედონ, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ.
„ეს არის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ პოლიტიკური პროცესით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.