არჩილ თალაკვაძე - მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, ექთნებს და ყველა მოკავშირე სამსახურს, რომელიც ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას
არჩილ თალაკვაძე - მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, ექთნებს და ყველა მოკავშირე სამსახურს, რომელიც ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას

პარლამენტის თავმჯდომარემ ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ სხვა სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ მოქალაქეები წესებს დაიცავენ, ამით დაიზოგება სამედიცინო რესურსები, რომელიც შესაძლოა, სხვებს უფრო მეტად სჭირდებოდეთ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, ექთნებს და ყველა მოკავშირე სამსახურს, რომელიც ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. მსოფლიოში შემთხვევების უპრეცედენტო მატებაა, საქართველოშიც არის მატება, რაც ნებისმიერი სახელმწიფოს ჯანდაცვისა და ეკონომიკისთვის გამოწვევაა. ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ზრუნვა თითოეულ ადამიანზე და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სტაბილიზაცია, მისი აღდგენა, ვინაიდან ეკონომიკური აღდგენის გეგმა უკვე შემდეგ თვეებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება რესურსებს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ ჩვენ დღეს დავიცავთ წესებს, დისტანციას, ამით დავზოგავთ სამედიცინო რესურსებს, რომელიც შესაძლოა, სჭირდებოდეთ სხვა მოქალაქეებს და გადავარჩენთ სხვა ადამიანებს. წესების და პირობების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა სამედიცინო რესურსები ოპტიმალურად იყოს გადანაწილებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.