არჩილ თალაკვაძე - მინდა, გუნდის სახელით ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სტიქიის შედეგებთან პირისპირ არ დავტოვებთ
ბოლო პერიოდში სტიქიამ ურთულესი განსაცდელის წინაშე დააყენა გურია, ოზურგეთი და ლანჩხუთი, სადაც ჭარბმა ნალექმა ძალიან მძიმე პრობლემები გამოიწვია. სამწუხაროდ, გვქონდა მსხვერპლი. მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს გურულებს ვუთხრა გუნდის სახელით, რომ სტიქიის შედეგებთან მათ პირისპირ არ დავტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ უმოკლეს, გონივრულ დროში ყველა პირობა შევქმნათ, აღვადგინოთ საჯარო ინფრასტრუქტურა და ცხოვრება დავუბრუნოთ იმ კალაპოტს და იმ ნორმალურ ფუნქციონირებას, როგორიც იყო სტიქიამდე,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების რეაგირება სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად იყო მყისიერი.
„რეაგირება იყო მყისიერი როგორც ცენტრალური ხელისუფლების, მთავრობის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. პირველივე მომენტიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რომ გადაერჩინათ ადამიანები, დაეცვათ მათი უსაფრთხოება და შემდგომ ეზრუნათ იმ პირობებზე, რომლებიც სჭირდებათ ოჯახებს, რომ განაგრძონ ცხოვრება, ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრისი და ელემენტარული ჰუმანიტარული პრობლემები ყოფილიყო მოგვარებული. ახლაც მყისიერად იმოქმედეს და გმირობის მაგალითი უჩვენეს ჩვენმა მაშველებმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელ საზოგადოებას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობას, რომელიც პირველივე მომენტიდან იყო ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სამინისტროებს, გარემოსდაცვითი სამსახურები, ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური იყო და რჩება ჩართული სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში; ასევე, პარლამენტის წევრები და გურიის მაჟორიტარი, რომელიც პირველივე მომენტიდან იმყოფებოდა სტიქიის ზონაში.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მხარში დაუდგნენ გურულებს გასაჭირის ჟამს. განსაკუთრებული მადლობა რაჭას და რაჭველებს. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციას, ქალთა ორგანიზაციას, რომელთაც გააკეთეს დახმარების მნიშვნელოვანი მობილიზება და ორგანიზება, და ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ რთულ დროს გურიის და გურულების მხარდასაჭერად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.