არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტრავმა აქვს და მუდმივად იმეორებს გადაბარებას, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მილევად რეჟიმში
მიხეილ სააკაშვილს აქვს მიღებული პოლიტიკური ტრავმა და ამ წლების განმავლობაში, მუდმივად იმეორებს გადაბარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმშია.
„თუ დაუკვირდებით, სინამდვილეში, ის არ გახლავთ არც საქართველოს მოქალაქე, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის, მომდევნო დღეებში, მას უკვე იქაც ექნება სამსახურის პოვნის პრობლემა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მილევად რეჟიმში. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ დემოკრატიის გაძლიერებასთან ერთად, პოზიტიურ დღის წესრიგთან ერთად, მომავლისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ერთად, მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალა გაეყვანათ პოლიტიკური ველიდან, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუმცირდებათ მხარდაჭერა.
ასევე, წინსწრებით შემიძლია გითხრათ, რომ მათ იმ მცირე გუნდშიც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ შევა პარლამენტში, პრობლემები ექნებათ, ვინაიდან, სიას თუ გადახედავთ, იმ გუნდის ნახევარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არც კი გახლავთ. მათ ვერც კი შეძლეს, რომ კონსოლიდირებული პარტიული გუნდი დაეყენებინათ არჩევნებში. მათ დააყენეს ისეთი გუნდი, სადაც სხვადასხვა, სრულიად განსხვავებული ინტერესები იყო ერთად მოქცეული. როგორც კი პარლამენტი დაიწყებს საქმიანობას, ჩვენი საზოგადოება გახდება მომსწრე, თუ რა იქნება ამ გუნდის „განვითარების“ შემდგომი ეტაპი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.