არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ 20 ივნისის საღამოს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა დესტაბილიზაციის მიზნით იყო მოწყობილი
მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ 20 ივნისს მომხდარი მოვლენები, რომელიც დღის პირველ ნახევარში ახალგაზრდებმა დაიწყეს, საღამოს უკვე რეალურად ატარებდა ძალადობრივ ხასიათს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ 20 ივნისის საღამოს საპროტესტო აქციის ძალადობრივ ფორმებში გადასვლა, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე იყო დესტაბილიზაციის მიზნით მოწყობილი. ეს მან პირდაპირ ეთერში დაადასტურა. პრაქტიკულად თქვა, რომ ცოტაც დაგვაკლდა, დესტაბილიზაცია დაგვესრულებინა დამხობითო. ამით ექსპრეზიდენტმა პირდაპირ დაადასტურა, რომ 20 ივნისს მომხდარი მოვლენები, რომელიც დღის პირველ ნახევარში ახალგაზრდების მიერ დაიწყო, საღამოს უკვე რეალურად ატარებდა ძალადობრივ ხასიათს. ეს იყო შეტევა პარლამენტზე. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო თავისი ქვეყნის პარლამენტზე შეტევას არ მოითმენდა. თვეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი შეტევა, თითქოს ამას არ ჰქონდა დესტაბილიზაციის მიზანი. გუშინ მათმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მიზანი ამ საღამოს აქციის ნამდვილად იყო დესტაბილიზაცია. რაც შეეხება საქმეს, მინდა გითხრათ, რომ სამართლებრივ რეაგირებას ამ საკითხზე წყვეტენ შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობა. შსს-მ უკვე გააკეთა ამაზე კომენტარი. მე თუ მკითხავთ, ეს არის დამატებითი არგუმენტი დაწყებულ გამოძიებაზე იმ მიმართულებით, რომ ადამიანები აორგანიზებდნენ ძალადობრივ შეტევას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა: „20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო, კიდევ ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა, მომენტი გავუშვით“.