არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილმა მთელი ოპოზიცია შეიყვანა ჩიხში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ
სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ცდილობენ, სააკაშვილი დარჩეს ამ პოლიტიკურ მდინარეში ზედაპირზე და მისი საკითხი მუდმივად ტივტივებდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ისინი ყოველდღე სხვადასხვა საკითხს იფიქრებენ და ყოველდღე სხვადასხვა პრეტენზიით გამოდიან, მხოლოდ იმისთვის, რომ ეს საკითხი როგორმე დატოვონ ზედაპირზე. თქვენ ხედავთ, რომ უკვე დიდი განხეთქილებაა გუნდში. დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას მთელი ოპოზიციის რესურსი დაახარჯვინა თავისი შიმშილობის საკითხში, იმისთვის, რომ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის მოთხოვნა როგორმე გაეტანა პოლიტიკურად. ანუ, თვითონ დაიწყო შიმშილობა და შიმშილობის შემდგომი მკურნალობის მოთხოვნის გამო ოპოზიციის მთელი რესურსი ამაში დახარჯა. მიხეილ სააკაშვილმა მთელი ოპოზიცია შეიყვანა იმ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რისთვისაც ჩამოვიდა, იმისთვის დაიწყო შიმშილობაც და იმისთვის უნდოდა, სამოქალაქო კლინიკაში გადასულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ეს პროცესი თანმიმდევრულად მართა.
„ოპოზიცია და განსაკუთრებით, რადიკალური ბანაკი იმდენად გაკოტრებულია, რომ მათ სხვა დღის წესრიგი უბრალოდ არ გააჩნიათ. ერთადერთი დღის წესრიგი მათთვის არის ეს – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და მის ე.წ. გათავისუფლებაზე, ზოგჯერ საზღვარგარეთ მკურნალობაზე, თუ მის განცდებზე საუბარს იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესიდან ამოვარდნენ. ხალხის დაკვეთა არის უმუშევრობის შემცირება, სოციალური საკითხების მოგვარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვა თემები, ამ დროს კი, ოპოზიციის დიდი ბანაკი ისევ და ისევ სააკაშვილზე საუბრობს. ეს პოლიტიკური ბანაკი არის რეალურ პოლიტიკას დაშორებული და გაკოტრებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა დაესწროს თუ არა მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს თავისი საქმის სასამართლო განხილვას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში, როგორც საქართველოს, ისე ევროპული სახელმწიფოს მოქალაქეები ძალიან ხშირ შემთხვევაში ერთვებიან თავიანთ სასამართლო პროცესებში დისტანციურად და შესაბამისად, სააკაშვილისთვის ეს არავის აუკრძალავს.
„სააკაშვილი, ერთი მხრივ, ამბობს, მე სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა ვიყო, რადგან ცუდად ვარ და სხვაგან ვერ ვძლებ, არ შემიძლიაო, ამავე დროს კი ამბობს, ცუდად არ ვარ, სასამართლოზე დასწრებისთვის მზად ვარო. ხომ ასეთია მოცემულობა და რომელია სიმართლე? ეს ექიმებმა უნდა თქვან. თუ ახლა მისი ექიმები ამბობენ, რომ ის ისე გამოჯანმრთელდა, შეიძლება, დაბრუნდეს სასამართლოზეც და პენიტენციურ სისტემაშიც, ეს ღიად უნდა თქვან. იმიტომ, რომ ეს ორი რამ ლოგიკურად, ერთად ვერ იარსებებს. ან მკურნალობა სჭირდება და საავადმყოფოში უნდა იწვეს, ან უკვე მკურნალობა არ სჭირდება, ასეთი ტიპის ჩარევა და შეიძლება, გაეწეროს საავადმყოფოდან, მივიდეს სასამართლოშიც და დაბრუნდეს იმ დაწესებულებაშიც, სადაც კანონით ეკუთვნის. ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის. ეს არის ექიმებისა და პენიტენციური სისტემის გადასაწყვეტი. თუ ექიმებმა დღეს დაწერეს, რომ მას საავადმყოფო აღარ სჭირდება და შეიძლება, გადავიდეს სასამართლოშიც და დაბრუნდეს თავის დაწესებულებაშიც, სადაც კანონით ეკუთვნის, ეს გადაწყვეტილება, ექიმების აზრის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს პენიტენციურმა სისტემამ და არა პოლიტიკოსებმა, არც ოპოზიციიდან და არც საპარლამენტო უმრავლესობიდან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტთა განცხადებას, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენისა და საზოგადოების წინაშე წარდგომის ეშინია, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე ჩანს ყველა მედიასაშუალებაში, მაგრამ ამით შეშინებული ჯერჯერობით არავინ უნახავს.