არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილი ვერანაირ დესტაბილიზაციას ვერ შემოიტანს, ის მსჯავრდებულია უმძიმეს დანაშაულებში და პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეს მართლმსაჯულებას
სააკაშვილის ჩამოსვლა არანაირ ცალკე გეგმად არ განიხილება და ის, რაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზზე მოხდა, საქართველოში ვერ მოხდება, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, რას აკეთებს ხელისუფლება პრევენციისთვის და უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, განმეორდეს 2017 წლის 10 სექტემბრის სურათი, რაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ვიხილეთ.
„მიხეილ სააკაშვილი აქ ვერანაირ დესტაბილიზაციას ვერ შემოიტანს და მისი ჩამოსვლა არანაირ ცალკე გეგმად არ განიხილება. ის მსჯავრდებულია უმძიმეს დანაშაულებში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეს მართლმსაჯულებას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებშიც მას უშუალო პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მიუძღვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა მოვლენების იმგვარად განვითარებას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, შესაძლოა, ის პრეზიდენტმა შეიწყალოს, როგორც ეს ნიკა მელიამ განაცხადა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ თუ პოლიტიკაში ფარისევლობა არსებობს, ეს არის ფარისევლობის კლასიკური მაგალითი.
„როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, ეს ქალბატონები და ბატონები თვეების განმავლობაში ამბობდნენ, ეს არ არის ჩვენი პრეზიდენტი, ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და სალომე ზურაბიშვილი უკანონოდ იკავებს პრეზიდენტის პოსტსო. ეს ხომ გახსოვთ? მერე, რამდენიმე თვეში, იგივე ხალხი, ოპოზიციის წარმომადგენლები ქალბატონ ზურაბიშვილს წერილებს რომ უგზავნიდნენ, შეგვიწყალე და ჩვენი თანაგუნდელებიც შეიწყალეო, ესეც გახსოვთ, ხომ? ანუ, რამდენიმე თვეში მოუწიათ აღიარება და მიაკითხეს ისევ იმ პრეზიდენტს, რომელსაც აკრიტიკებდნენ და მთელი კამპანიის განმავლობაში თავს ძალიან უსამართლოდ ესხმოდნენ. ამის მერე ამბობდნენ, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიული ლიდერიაო, თავიანთი საინფორმაციო დეზინფორმაციული წყაროებით, რომლებსაც პირდაპირ აკონტროლებენ. ახლა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით განცხადება რომ გააკეთა, ერთი ჟივილ-ხივილი ჰქონდათ და ამ მესიჯს ავითარებენ, რომ იქნებ, შეიწყალოს. რაღაცას ცდილობენ, რომ აქედან ერთი ნარატივი ააწყონ, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, რომ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის პარტიული პოლიტიკის მიღმა დგას. საქართველოს როდესმე კოალიციური მთავრობა თუ ეყოლება, ეს არის არჩევნებით ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტი. არც ერთ ცალკე აღებულ თანამდებობის პირს არ შეუძლია, დააანონსოს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, უკვე რამდენი წელია, მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს სხვადასხვა ტრანსპორტით, მაგრამ არ ჩამოდის, რადგან მას აქვს არა ტრანსპორტის პრობლემა, არამედ იმის, რომ მართლმსაჯულებას ემალება და აქვს უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია.
არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპონენტების საუბრები აგონებს წაგების წინა, ძალიან სევდიან საუბრებს.
„ისინი წინასწარ ამბობენ, რომ არჩევნებს არ ენდობიან, შედეგს არ ენდობიან და იძახიან, ვნახოთ, რა იქნება, ჯერ რა დასკვნები დაიდებაო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას პირდაპირ მოუწოდებენ და გახსნილად ეუბნებიან, რომ არჩევნების შედეგებს პატივი სცენ.
„მე მგონი, გზავნილები იყო საკმაოდ პირდაპირი. მათ თქვეს, რომ არ აქვთ სურვილი, ისევ ხელოვნურ საბოტაჟს და ოპოზიციის მიერ საკუთარ როლზე უარის თქმას კიდევ მოლაპარაკებებით უპასუხონ. ეს დემოკრატიისთვის არის ანომალია, როდესაც ოპოზიციას არ უნდა, იყოს ოპოზიცია. ეს არც ერთ დემოკრატიაში არ არსებობს“, – განაცხადა თალაკვაძემ.