არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილი უკვე რვა წელია, აანონსებს დაბრუნებას, ხან ზღვასთან დგას, ხან საკუთარი ძვირად ღირებული ბინის აივანზე, თუმცა დღემდე ვერ გაბედა ჩამოსვლა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს მიმართა. თალაკვაძის თქმით, საქართველო დემოკრატიული არჩევნებით მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს პროგრესისკენ, ირჩევს უფრო მშვიდ, საქმიან პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს.
თალაკვაძის განმარტებით, მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, პოლიტიკური ველიდან ბოლომდე გაიყვანონ „ნაციონალური მოძრაობა“.
„მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, ძვირფასო მოქალაქეებო, იმასთან ერთად, რომ დღეს ამ დემოკრატიული არჩევნებით საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს პროგრესისკენ, ირჩევს უფრო მშვიდ, უფრო საქმიან პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. თქვენ აქვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ველიდან ბოლომდე გაიყვანოთ და ბოლომდე გავიყვანოთ ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. რამდენიმე დღის წინ, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს თავისი დამოკიდებულება ადამიანებთან, როდესაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩაყვანილი საზოგადოების წევრებით, ხალხის ხარჯზე გააკეთეს ისეთი აქცია, ს ადაც არანაირი წესები არ იყო დაცული. მათ გაწირეს საკუთარი მხარდამჭერებიც კი თავისი მიზნის მისაღწევად. ეს არის მათი ხელწერა, ისინი ამას აკეთებდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში, ბიზნესში, მედიაში. ამას აკეთებდნენ ყველგან, სადაც ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მათ შორის ჟურნალისტები და სხვათაშორის, ერთ-ერთი აქ მყოფი ტელევიზიის დირექტორი 2-3 თვის წინ პირდაპირ აცხადებდა, რომ ის ტელევიზიას და ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ამის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალის რა უნდა გაგიკვირდეთ?“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძემ ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების საკითხზეც და აღნიშნა, რომ სააკაშვილი დიდი ხანია, დაბრუნებას აანონსებს, თუმცა რეალურად ამას ვერ ბედავს.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის უკვე რვა წელია, პერიოდულად აანონსებს ხან სახურავიდან, ხან ზღვასთან დგას, ხან დგას საკუთარი ძვირად ღირებული ბინის აივანზე და აანონსებს დაბრუნებას, ზოგჯერ ჰაერით, ზოგჯერ გვირაბით, ზოგჯერ ფეხით გადმოდის ხოლმე საზღვარზე, თუმცა როგორც ხედავთ, დღემდე მან ვერ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა. ეს არის მისი მორიგი ტყუილი საკუთარი მხარდამჭერებისთვის, ვინაიდან სხვას ამ ქვეყანაში არავის სჯერა მისი სიტყვების. მას აქვს პრობლემები თავის წარსულთან, ის დღეს გამოიყურება, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში. ამიტომ ამ არჩევნებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობა და მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდება, მის ადგილს დაიკავებს ჯანსაღი ოპოზიცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.