არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ლარში სესხების გაცემაზე არსებული 200-ათასიანი ლიმიტი უნდა შემცირდეს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლარში სესხების გაცემაზე 200 ათას ლარიანი ლიმიტის შემცირებას 100 ათასამდე ითხოვს. ამ წინადადებით თალაკვაძემ ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მიმართა, რომელმაც პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
„მიგვაჩნია, რომ უკვე დრო არის და ანალიტიკა, რომელიც დავამუშავეთ, გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ შესაძლებელია ეს ლიმიტი შემცირდეს 100 ათას ლარამდე და მხოლოდ 100 ათასი ლარის ფარგლებში იყოს სავალდებულო წესი სესხების გაცემაზე ეროვნულ ვალუტაში. ამის ზემოთ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, სესხი აიღონ დოლარში“,- განაცხადა თალაკვაძემ.
ლარში სესხების გაცემის ლიმიტი თავდაპირველად 100 ათასი იყო, თუმცა 2018 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებებით, ზღვარი მიმდინარე წლის 23 იანვრიდან 200 ათას ლარამდე გაიზარდა.