არჩილ თალაკვაძე - მიღებული იქნება ამნისტიის შესახებ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ორი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას უზრუნველყოფს
არჩილ თალაკვაძე - მიღებული იქნება ამნისტიის შესახებ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ორი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას უზრუნველყოფს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირველი რეზოლუცია, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შეეხება.

„რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სულ ახლახანს დასრულდა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა, სადაც განვიხილეთ დღის წესრიგში არსებული საკითხები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტის პირველი რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ, იქნება საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, რომელშიც მკაფიოდ არის მოცემული ჩვენი საგარეო კურსის თაობაზე და საქართველოს მისწრაფების შესახებ დასავლურ ოჯახში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ამასთან, თალაკვაძემ ისაუბრა ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან და მის ამოცანებთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, რომ ინიცირდება კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“. ეს არის ჰუმანური აქტი. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გვქონდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შეხვედრა ოჯახის წევრებთან, რომლებიც ამნისტიასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აყენებდნენ. ასევე, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტი ტრადიციულად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ზრუნავს პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესახებ. აქვე უნდა გითხრათ, რომ საბოლოო ჯამში, სამი მოსმენით იქნება მიღებული ამნისტიის შესახებ ისეთი კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ორი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას. პირველი, ეს არის ჰუმანური აქტი და ამნისტია, პატიმრების დაბრუნება და რესოციალიზაცია საზოგადოებაში, მეორე, ამ კანონპროექტის არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, რომ ამ აქტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაც დარჩეს დაცული, ამან არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს ამ მიმართულებით. შესაბამისად, საკითხი მიჰყავთ ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ კომიტეტებს და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამომწურავი მსჯელობის შემდეგ, სამი მოსნენით მივიღოთ ეს კანონპროექტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დარეგისტრირდა.