არჩილ თალაკვაძე - მელიამ სააკაშვილზე თქვა ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველამ იცის, ეს მიუთითებს პარტიაში სერიოზულ კრიზისზე და იმაზე, რომ რამდენიმე გუნდი ძალაუფლების გადანაწილებას ცდილობს
არჩილ თალაკვაძე - მელიამ სააკაშვილზე თქვა ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველამ იცის, ეს მიუთითებს პარტიაში სერიოზულ კრიზისზე და იმაზე, რომ რამდენიმე გუნდი ძალაუფლების გადანაწილებას ცდილობს

მელიამ სააკაშვილზე თქვა ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით სინამდვილეში, ყველამ იცის, უბრალოდ ამის საჯაროდ გამოტანა არ უნდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა ვიდეოჩანაწერზე, სადაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, როგორც ჩანს სააკაშვილს პარტიაში ანტიდემოკრატიული გარემო აქვს შექმნილი.

„სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა, რომ როგორც ჩანს, სააკაშვილს აქვს პარტიაში აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული გარემო შექმნილი და ხელს უშლის ნებისმიერ მსჯელობას, დისკუსიას და თავისუფალი აზრის გამოხატვას. ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს მათი პრობლემაა.

სწორედ თვეების წინ ჩვენ ვამბობდით, რომ იყო დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით და დღეს უფრო ცხადად გამოჩნდა, რომ მელიას დაქვეითება თუ დასჯა პოლიტიკურად პარტიის შიგნით უკავშირდებოდა ზუსტად იმას, რომ მელია ამ რეალობას როგორც ჩანს, აყენებდა პარტიის შიგნით. ახლა უკვე ამაზე საჯაროდ საუბრობს. ეს მიუთითებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზულ კრიზისზე და მიუთითებს იმაზე, რომ რამდენიმე გუნდი ცდილობს ძალაუფლების გადანაწილებას, მათ შორის არაერთი ცდილობს, დაანახოს მიხეილ სააკაშვილს, რომ ისინიც არიან მიხეილ სააკაშვილები და მათაც შეუძლიათ, არანაკლებ აგრესიულები იყვნენ.

ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის დავალება, რეგიონებში მოაწყვეთ დესტრუქცია და დებოში, არიეთ სიტუაცია და მაშინ დაემსგავსებით თქვენ სააკაშვილსო. როგორც ჩანს, სწორედ ამის წინააღმდეგ მიდის და სწორედ ამის გამო განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ისე, რომ მელია და მელიას წარდგენილი ადამიანები გადაიყვანეს ფარდის უკან.

რაც შეეხება მის ფრაზას ჯარისკაცებთან დაკავშირებით. სამარცხვინო განცხადებაა, ეს არის ჯარისკაცების შეურაცხმყოფელი განცხადება. თუ ვინმემ თვალი გააყოლა ტანკებს და ომს, ეს იყო ზუსტად მელია და მისი მეგობრები. თუმცა თვალის მოკვრაც ვერ მოასწრო ალბათ საზოგადოებამ, თვითონ მელია სად იყო მაშინ, როდესაც ჯარისკაცები იცავდნენ სამშობლოს და იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე. მინდა, მას შევახსენო, რომ სამეგრელოდან არაერთი ჯარისკაცი დაეცა ბრძოლის ველზე გმირულად. ამის გამო ნებისმიერმა ნორმალურმა ოპოზიციურმა და პოლიტიკურმა პარტიამ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას.

მელია თავს იმართლებს, რომ ეს ღილით ან უჩინმაჩინის ქუდით არის ჩაწერილი, მაგრამ ფაქტია, რომ ის საჯაროდ ესაუბრება მოქალაქეებს და ამის უარყოფა კიდევ მეორე სირცხვილი და მეორე პრობლემაა. სჯობს, მან პირდაპირ თქვას ის, რაზეც მოქალაქეებს ესაუბრებოდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.